ახალი ამბები

იზორიას თქმით, ინფორმაცია სარეჟიმო წესების დარღვევაზე ვახტანგ კაპანაძისგან მიიღო

8 აგვისტო, 2016 • 1887
იზორიას თქმით, ინფორმაცია სარეჟიმო წესების დარღვევაზე ვახტანგ კაპანაძისგან მიიღო

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტზე გარეშე პირის შესვლასთან დაკავშირებით გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვახტანგ კაპანაძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც ადგილი ჰქონდა არა საიდუმლო, არამედ სარეჟიმო წესის დარღვევას:

“[სარეჟიმო წესის დარღვევაზე] ეს მე არ მითქვამს, ეს თქვა გენშტაბის ხელმძღვანელმა. მე  მოვახდინე ამ პასუხის კონსტატაცია, ანუ რაც მან თქვა, ის უბრალოდ საზოგადოებას მივაწოდე. ის კვლავ ამ აზრზეა”, -განაცხადა იზორიამ დღეს, 8 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მინისტრის გარდა იმყოფებოდა გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე. მისი თქმით, ობიექტი, რომელზეც გარეშე პირი იმყოფებოდა, არ განეკუთვნება განსაკუთრებული დაცვის ობიექტს.

“მე ერთი შემიძლია განვაცხადო, ის ობიექტი, რომელიც ფიგურირებს ამ საქმეში, არ განეკუთვნება არც მართვის პუნქტს, არც განსაკუთრებული დაცვის ობიექტს. ყველა დოკუმენტი, რომელიც მოითხოვა შესაბამისმა უწყებებმა, გადაცემულია. დასკვნას დადებენ თავად ისინი”, – განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველად 2 აგვისტოს ისაუბრა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თავდაცვის უწყებაში თანამშრომლებს წარუდგინა. მაშინ კაპანაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ მისთვის ცნობილი იყო.

“ჩემთვის აღნიშნული შემთხვევა თავის დროზე ცნობილი იყო, შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოები სწავლობენ ამ საკითხს”,- განაცხადა კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. თუმცა არ დაუკონკრეტებია, საქმე სარეჟიმო წესების დარღვევას ეხებოდა, თუ საიდუმლო წესების დარღვევას. თუმცა იმ დროისთვის, როდესაც გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა, გადაცემა პოსტსკრიპტუმის  სიუჟეტი ერთი დღის გასული იყო.  აღნიშნულ სიუჟეტში გენერალი გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, რუსეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. ამავე დღეს კაპანაძემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას აღნიშნა, რომ  ობიექტი, რომელზეც გარეშე პირი იმყოფებოდა, არ არის საიდუმლო ობიექტი, ის არის ჯარების ლოგისტიკის უზრუნველყოფის ობიექტი. თავად ტრისტან წითელაშვილიც ამბობს, რომ იგი თელეთის სასაწყობო ბაზაზე იმყოფებოდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ  ობიექტი, სადაც ტრისტან წითელაშვილი შევიდა, ნამდვილად საიდუმლო იყო, თუმცა ამის მერე ერთ–ერთ უშიშროების სხდომაზე ეს სტატუსი მოეხსნა.

“ეს ადამიანი მე გავათავისუფლე თავდაცვის სამინისტროდან იმის მერე, რაც გავარკვიე, ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მე არ ვეთანხმები იმ  სარეჟიმო წესის დარღვევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება. მე ახლა არ შემიძლია იმ ობიექტის მისამართის დასახელება, რომელზეც საუბარია, მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ეს საიდუმლო ობიექტები იყო. ეს ძალიან მარტივად დასტურდება იმ ფაქტით (ეს საჯაროდ ცნობილია, მოძებნეთ არქივებში, ახლა მე თარიღი აღარ მახსოვს), რომ ერთ–ერთ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩვენ მოვხსენით მას საიდუმლო სტატუსი. ანუ მანამდე ის საიდუმლო დაწესებულება იყო, სხვანაირად ვერ მოვხსნიდით მას ამ სტატუსს,” – განაცხადა ხიდაშელმა დღეს, 8 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში არსებულ ობიექტზე გარეშე პირის შესვლასთან დაკავშირებულ საქმეზე განსხვავებული განცხადებები კეთდება გამოძიების დაწყების კუთხითაც. პროკურატურა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაზე მათთვის თავდაცვის უწყებიდან ხიდაშელის მინისტრობის დროს არ უცნობებიათ. თავად თინა ხიდაშელი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი