ახალი ამბები

პროკურატურა: საიდუმლო სამხედრო ობიექტების საქმეზე თავდაცვის სამინისტროდან არ უცნობებიათ

2 აგვისტო, 2016 • 1628
პროკურატურა: საიდუმლო სამხედრო ობიექტების საქმეზე თავდაცვის სამინისტროდან არ უცნობებიათ

პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საიდუმლო სამხედრო ობიექტების საქმესთან დაკავშირებით იგი მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ესაუბრა. პრემიერის თქმით, შოთაძე ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ თავდაცვის სამინისტროსგან მიმართვა არ მიუღიათ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კი ამბობს, რომ აიდუმლო ინფორმაციის გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია.

“მე გუშინ საღამოს გენერალურ პროკურორს ვესაუბრე, იგი აცხადებს, რომ არცერთი მიმართვა თავდაცვის უწყებიდან არ მიუღიათ. რაც შეეხება თვითონ ამ საკითხს, დავინტერესდი, რა თქმა უნდა. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ საზოგადოებას პასუხები გავცეთ, თუმცა არა იმ ადამიანებს, განსაკუთრებით მხედველობაში მყავს ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს, ძალიან ბევრი გაუაზრებელი ქმედებით. ამ შემთხვევაში სამხედროებს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ამიტომ თუ გამოსაძიებელი იქნება და საკმარისი მასალები იქნება გამოძიების ჩასატარებლად, რა თქმა უნდა, ეს ასე მოხდება, მაგრამ მე როგორც მეჩვენება, ეს არის გაგრძელება იმ კამპანიის, როდესაც დაგაბრალებენ რაღაცას და მერე პასუხი უნდა გასცე”,- განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, რუსეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. ამის შესახებ კალანდაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოსტსკრიპტუმთან ისაუბრა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელმაც უწყების მართვა მინდია ჯანელიძისგან გადაიბარა, განაცხადა, რომ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით კი, თავდაცვის სამინისტროდან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არ მიუღიათ. ამ ეტაპზე კი, საგამოძიებო უწყება საქმის გარემოებებში ერკვევა:

“გუშინდელი განცხადება ვითომდა თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაში გადმოგზავნილია მასალები სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან მსგავსი შინაარსი ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროდან არ მიგვიღია. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის გარემოებებში გარკვევა. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა”,- აცხადებს საქართველოს მთავრი პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელი “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

აღნიშნული თემის შესახებ ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი