ახალი ამბები

იზორია: ბოლშევიკური ის არის, როდესაც უშიშროების თანამშრომლებს მხოლოდ ნეგატიურად აღიქვამენ

1 აგვისტო, 2016 • 1428
იზორია: ბოლშევიკური ის არის, როდესაც უშიშროების თანამშრომლებს მხოლოდ ნეგატიურად აღიქვამენ

საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში თინა ხიდაშელის მიერ, მასსა და გიორგი კვირიკაშვილზე გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა:

“მე ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ. ჩემი წინამორბედების მიერ გაწეულ საქმიანობასაც ვაფასებ. ვიქნები პოზიტიური შეფასებებში და არავითარ შემთხვევაში ნეგატიური. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პიზიციას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად ობიექტური და რამდენად სამართლიანია ეს კრიტიკა” თქვა ლევან იზორიამ “მაესტროს ფაქტორის” ეთერში.

თავდაცვის ახალმა მინისტრმა მაგალითად აშშ-ის გმაოცდილება მოიხმო. მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ამ კუთხით განსხვავება თვალსაჩინოა:

“იქ სხვა ტრადიციები და სხვა მიდგომები არსებობს. ტრადიციები, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ძალიან დიდ, მოკრძალებასთან და პატივისცემასთან. როგორც პოლიტიკოსების მხრიდან, ისე საზოგადოების მხრიდან. იმიტომ, რომ სწორედ მათზეა დამოკიდებული ის, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. ასე რომ, აქ სხვა მიდგომები და სხვა კულტურა უნდა ჩამოვაყალიბოთ,” – თქვა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ მსგავს უნდობლობას ბოლშევიკური უწოდა და განაცხადა, რომ დროა მსგავსი სტერეოტიპები დაინგრეს:

“ბოლშევიკური უფრო ის არის, როდესაც ასეთი სტრუქტურებიდან თანამშრომლებს მხოლოდ ნეგატივით აღიქვამენ. არადა ის, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ არის, ის, რომ ქვეყანაში არ ხდება სხვადასხვა აქტები ვთქვათ, იგივე ტერორისტული აქტები, არის სწორედ ამ პროფესიონალების, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დიდი დამსახურება მისი ხელმძღვანელის უშუალოდ. ამიტომ, ჩვენ უნდა დავუფასოთ შრომა ამ ადამიანებს და ეს ნეგატივი, რომ აქედან ვყელა მოსული არის ცუდი – ეს სტერეოტიპი მართლაც ბოლშევიკურია და უნდა დავანგრიოთ” – თქვა თავდაცვის ახალმა მინისტრმა.

ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, პირველ აგვისტოს წარადგინა. მას შემდეგ, რაც მისმა წინამორბედმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა, თინა ხიდაშელმა პრემიერს გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი