ახალი ამბები

ხიდაშელი: ბოლშევიკური ტექსტებია ამ ბოლოს მოჭარბებული კვირიკაშვილის გამოსვლებში

1 აგვისტო, 2016 • 1826
ხიდაშელი: ბოლშევიკური ტექსტებია ამ ბოლოს მოჭარბებული კვირიკაშვილის გამოსვლებში

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა “მაესტროსთან” ინტერვიუში:

“ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ როდესაც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დრო ჯგუფებად დაყოფისა, ეს საშიშია. ეს საშიში ფრაზებია, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ ქვეყანაში 70 წელი ვცხოვრობდით. იმას საბჭოთა კავშირი ერქვა, სადაც ერთი პარტია იყო. შემდეგ “მოქალაქეთა კავშირს” ჰქონდა ეს ამბიცია, შემდეგ “აღორძინებას”, შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას”. ყველამ ძალიან ცუდად დაამთავრა”, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დღეს, 1 აგვისტოს, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში.

31 აგვისტოს გიორგი კვირიკაშვილმა გორში შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა: “გავერთიანდეთ მეგობრებო, კიდევ ერთხელ, ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. უნდა დასრულდეს გათითოკაცებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო. ჩვენი სამშობლო უნდა გაერთიანდეს, ერთად დადგეს, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, დავიხლიჩოთ ორ, სამ, ოთხ და მეტ ბანაკად. ჩვენ გვაქვს ერთი საერთო ამოცანა – ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, ყველა ოჯახს მოვუტანოთ კეთილდღეობა და ვერავითარ შემთხვევაში ეს ამოცანა ვერ იქნება გადაჭრილი, თუ ჩვენ ვიქნებით დახლეჩილი”.

თინა ხიდაშელის თქმით, მას არ გაუხარდება ამავე [“მოქალაქეთა კავშირის”, “აღორძინებისა” და “ნაციონალური მოძრაობის”] გზაზე დამდგარი “ქართული ოცნების” ნახვა:

“ბევრჯერ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – გიორგი კვირიკაშვილი არის ის ადამიანი, რომელთან ერთადაც მე ჩემი ქვეყნის პროგრესი წარმომიდგენია. ამიტომ მას ერთადერთი რამ შემიძლია ვურჩიო – რომ არ ვიცი, მას ვინ უწერს სიტყვებს, მაგრამ ხანდახან გამოსვლამდე გადაიკითხოს ხოლმე, იმიტომ, რომ ძალიან ბოლშევიკური ტექსტები არის ამ ბოლოს მოჭარბებული მის გამოსვლებში. აღარაფერს ვამბობ ქმედებებში, რომელსაც ადგილზე მოწადინებული განსკაუთრებულ ინიციატივის მქონე ქართული ოცნების წარმომადგენლები ახორციელებენ”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი