რეცეპტის გარეშე მედიკამენტის გაყიდვისთვის ფარმაცევტი დაისჯება – სამინისტროს ინიციატივა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში ცვლილებას გულისხმობს, პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ფარმაცევტს  ამ ტიპის მედიკამენტების გაყიდვა გარკვეული  ვადით აეკრძალება. გარდა ამისა, აფთიაქს არ მისცემენ სააფთიაქო საქმიანობის ნებართვას, თუკი ასეთი ფარმაცევტი ეყოლება წარდგენილი ნებართვის მოსაპოვებელ დოკუმენტაციაში.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 1 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციების და სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო. ჟურნალისტებისთვის არც ის დოკუმენტი გამხდარა ხელმისაწვდომი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განსახილველად უნდა წარადგინოს.

დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ცვლილებების ინსპირაცია სააფთიაქო ნარკომანიაა, როცა აკრძალვის მიუხედავად რიგი აფთიაქები მაინც აგრძელებენ მომხმარებლებისთვის ურეცეპტოდ ფსიქოტროპული ან სხვა ტიპის მედიკამენტების მიყიდვას:

“ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია 95%-ზე მეტითა შემცირებული, თუმცა გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რამდენიმე აფთიაქი აგრძელებს ტაბლეტირებული ფორმების ურეცეპტოდ გაცემას და მათ შორის ისეთი მედიკამენტების როგორიცაა პირო. ეს პრეპარატი ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯგუფში შედის, რომლის არადანიშნულემისამებრ გამოყენება არაფრით არ შეილება. ესაა უშუალო საფრთხე მოსახლეობისთვის,”- ამბობს სერგეენკო და იმედს გამოთქვამს, რომ თუ მთავრობა ცვლილებებს დაამტკიცებს ეს  საფრთხეები მნიშვნელოვნად შემცირდება.

როგორ ისჯებიან კანონდარღვევისთვის აფთიაქები დღეს ?

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე შეკრებილმა დარგის სეციალისტებმა და თავად მინისტრმა განმარტეს, კანონი ისედაც იცნობს პასუხისმგებელი ფარმაცევტის ცნებას, მაგრამ კანონში დაკონკრეტებული არაა რაზეა პასუხისმგებელი აღნიშნული ფარმაცევტი და სწორედ ეს კონკრეტიკა ჩნდება მომზადებული დოკუმენტის თანახმად.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ აფთიაქში კანონდარღვევას აღმოაჩენენ, კომპანია ჯარიმას იხდის. დარღვევის სიმძიმის მიხედვით ჯარიმები ვარირებს და მათი რაოდენობა რამდენიმე ათას ლარს აღწევს. მიუხედავად ჯარიმებისა, ამგვარი საქმიანობა აფთიაქებისთვის  ფინანსურად მომგებიანია, ამიტომ ფულის გადახდას და აკრძალული მედიკამენტების გაყიდვას მაინც აგრძელებენ.

13920608_1247219261964404_5115974986536732731_n

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციების და სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, კი თუ ფარმაცევტი მომხმარებელს პირველი ან მეორე ტიპის მედიკამენტს ურეცეპტოდ მიჰყიდის, მას ამ კანონდარღვევისთვის პირველი და მეორე მედიკამენტების გაყიდვა გარკვეული დროით აეკრძალება და მხოლოდ ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების რეალიზაციის უფლება ექნება:

“ფაქტობრივად, ის ვეღარ დასაქმდება, რადგან  ურეცეპტო მედიკამენტის რეალიზაცია  შეიძლება პროვიზორის გარეშეც”,- ამბობს ირაკლი მარგველაშვილი, ფარმაცევტული კომპანიების წარომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება აკრძალვების ვადებს, პროექტის მიხედვით, პირველი კატეგორიის მედიკამენტებზე, რომელშიც შედის ფსიქოტროპული მედიკამენტები აკრძალვა სამი წლის ვადითაა გათვალისწინებული. მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე რეალიზაციის აკრძალვა კი უფრო ნაკლები დროით იმოქმედებს. დავით მაჭარაშვილი, რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ეს ვადები პირობითია და შეიძლება მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდგომ შეიცვალოს.

როგორ ზემოქმედებს ცვლილება იმ აფთიაქებზე, რომლებიც რეცეპტით გასაცემ წამალს ურეცეპტოდ ჰყიდიან?

აღიშნული ცვლილებები არამხოლოდ ფარმაცევტზე ზემოქმედებს. მას უშუალო ზეგავლენა აქვს იმ საათიაქო კომპანიებზეც, რომელთა ფარმაცევტი კანონს დაარღვევს.  გარდა იმისა, რომ კომპანიას  ჯარიმის, როგორც ადმინისტრაციული სახდელის გადახდა მოუწევს, იგი ასევე ვალდებულია ფარმაცევტი შეცვალოს და ახალი ფარმაცევტი წარადგინოს,  წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა გაუუქმდება:

“ფარმაცევტი თუ გაეთიშა [პროცესს],  ეს ნიშნავს, რომ აფთიაქის ნებართვის გაუქმებაზეც შეიძლება დადგეს საქმე. მან თუ ფარმაცევტის ალტერნატივა არ წარმოადგინა და ცვლილება არ განახორციელა, ის ვეღარ განაგრძობს საქმიანობას, ვინაიდან  სანებართვო პირობების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა არის ის, რომ აფთიაქს პასუხისმგებელი ფარმაცევტი აუცილებლად უნდა ჰყავდეს,”- ამბობს დავით მაჭარაშვილი.

იმ შემთხვევაში თუ აფთიაქს ნებართვა გაუუქმდება, ახალი ნებართვის მოსაპოვებლად მან ახალი იურიდიული პირით უნდა მიმართოს და ასევე ისეთი ფარმაცევტი უნდა წარმოადგინოს, რომელიც კანონდამრღვევი არ არის, რადგან მსგავსი დარღვევის მქონე ფარმაცევტის წარდგენის შემთხვევაში ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის გაცემა აღარ მოხდება. ეს კიდევ ერთი ცვლილებაა, რომელსაც ეს დოკუმენტი ითვალისწინებს.

“როგორც მოგეხსენებათ სამართალდამრღვევი პირების საქმიანობის მექანიზმი არის შემდეგნაირი – ახალი იურიდიული პირით  მოდიან ნებართვის მაძიებლად, შეიძლება საერთოდ იგივე ფარმაცევტი ყავდეთ პასუხისმგებელ პირად და ძალიან მარტივად მოიპოვონ  ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა.  აღნიშნული ცვლილება მოგვცემს შედეგს – იგივე იურიდიული პირი ვერ მოგვმართავს  როგორც ნებართვის მაძიებელი და ვერანაირად ვერ წარმოადგენს იგივე ფარმაცევტის დოკუმენტაციას ნებართვის მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე გაუჭირდებათ პასუხისმგებელი ფარმაცევტების მოძიება”- ამბობს მაჭარაშვილი.

იგი ასევე ვარაუდობს, რომ ფარმაცევტები მეტი პასუხიმგებლობით მოეკიდებიან მათ პროფესიულ ვალდებულებებს. ისინი კომპანიებს აღარ მიაქირავებენ დიპლომს, რადგან როგორც თავად ამბობს, არის შემთხვევები როდესაც ფარმაცევტი ადგილზე საერთოდ არ იმყოფება უბრალოდ დიპლომი ნებართვის მოსაპოვებლად აქვს მიქირავებული იურიდიული პირისთვის.

“ამას ფარმაცევტი აღარ დაუშვებს, ვინაიდან ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქმიანობაზე უფლებამოსილებას კარგავს. ესაა პრევენციული ღონისძიება, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ დროის უმოკლეს პერიოდში აღნიშნული პრობლემა”, -ამბობს მაჭარაშვილი

რას ფიქრობენ ცვლილებებზე დარგის სეციალისტები?

შეხვედრაზე მყოფი დარგის სპეციალისტები დაგეგმილ ცვლილებებს  მიესალმებიან. ფარმაცევტული კომპანიების  წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ სააფთიაქო ნარკომანია იოლად არ გვარდება, მაგრამ აღნიშნული ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია:

“მთელი რიგი აფთიაქებია, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ კანონი რეგულარულად დაარღვიონ. ეს, რა თქმა უნდა, სრულად პრობლემის გადაწყვეტა არ არის, მაგრამ  პრევენციის ნაწილია, როდესაც ვიცით, რომ ვიღაც სისტემატურად არღვევს კანონს და მხოლოდ დაჯარიმებით ვერ ვერევით. შემდეგ ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. არავის ციხეში არ ვსვამთ, უბრალოდ არაკეთილსინდისიერებას ასაჯაროვებ და თან უკრძალავ ამის გაკეთებას”,- ამბობს  მარგველაშვილი.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ცვლილებები უახლოესი მთავრობის სხდომაზე წარსდგება განსახილხველად.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com