ახალი ამბები

ტერაქტის მუქარისთვის ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

1 აგვისტო, 2016 • 1651
ტერაქტის მუქარისთვის ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ბრალდებით დაკავებული პირის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრების გამოყენების თაობაზე.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს:

” სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, რომელიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და წარმოადგენს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმას, ამასთან სასამართლომ გაითვალისწინა მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, რომელიც უალტერნატივოდ, ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შესაბამისად მაღალია ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოება, რომ საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, უნდა დაიკითხონ მოწმეები, შესაბამისად არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახის- დაპატიმრების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები,” – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 22 სექტემბერს 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 30 ივლისს გავრცელებული განცხადების თანახმად, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ბრალდებიტ ახმეტის რაიონის სოფ. დუისში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული ვ. ხ დააკავეს:

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია. აღნიშნულ ფაქტზე სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით და იმავე დღეს დადგინდა ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ტერორისტული აქტის ქმედების ჩადენის მუქარის ავტორი – ვ.ხ.  ამავე დღეს განხორციელდა მისი პირადი ავტომანქანის და საცხოვრებელი მისამართის ჩხრეკა,” – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი