ახალი ამბები

ხარაგაულში საკრებულოს “რესპუბლიკელი” თავმჯდომარე ვერ გადააყენეს

1 აგვისტო, 2016 • 1634
ხარაგაულში საკრებულოს “რესპუბლიკელი” თავმჯდომარე ვერ გადააყენეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 წევრი საკრებულოს თავმჯდომარის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, ინგა მაღრაძის გადაყენებას ითხოვდა, თუმცა საკრებულოში კენჭისყრაზე მათ ამისათვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვეს.

1 აგვისტოს ხარაგაულის საკრებულოში გამართულ კენჭისყრაში საკრებულოს 31-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 17 თავმჯდომარის გადაყენების მომხრე იყო, 10 მოწინააღმდეგე, 4 ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. ინგა მაღრაძის გადაყენებისათვის საჭირო 18 ხმა იყო, რაც თავმჯდომარის გადაყენების ინიციატორებმა ვერ მოაგროვეს.

დღეს, 1 აგვისტოს, ხარაგაულში იმყოფებოდნენ “რესპუბლიკური პარტიის” წევრები – თამარ ხიდაშელი, ნოდარ ებანოიძე და თავად პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. სამნიძის, თქმით, ინგა მაღრაძის გადაყენების მოთხოვნას არ ახლდა “არავითარი საფუძველი და არავითარი არგუმენტი”.

ხათუნა სამნიძის თქმით, ისინი ითხოვდნენ, საკრებულოს 20 წევრს, ვინც ინგა მაღრაძის გადაყენების მოთხოვნას მოაწერა ხელი, დაესაბუთებინა, თუ რა იყო გადაყენების მოთხოვნის საფუძველი. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” დააყენა.

“ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, თუ რა იყო ამის მიზეზი, ამიტომ ეს აშკარად იყო პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გადაყენების მცდელობა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს საკითხი ვერ გავიდა და საკმარისი ხმები ვერ დაგროვდა მის გადასაყენებლად. ეს შემთხვევა ძალიან სახიფათოა, სხვა ტიპის პრობლემებსაც ქმნის რაიონში, სხვა რაიონებში, სხვა საკრებულოებში. ზოგადად, პოლიტიკური ვითარება დაიძაბება თუ ქართულმა ოცნებამ (ვისი ინიცირებითაც დადგა ეს საკითხი) გააგრძელა ამ ტიპის დევნა, პოლიტიკური ნიშნით გადაყენების მცდელობები წინასაარჩევნო პროცესის დროს, წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში”, – უთხრა ხათუნა სამნიძემ “ნეტგაზეთს”.

ხათუნა სამნიძის ცნობით, ოქმს ხელს არ აწერდა ერთი წევრი იმ მიზეზით, რომ შედეგებით კმაყოფილი არ იყო. “ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული მიდგომა არჩევნების შედეგების მიმართ”, – ამბობს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

“ამ [საკრებულოს თავმჯდომარის გაადყენების] საკითხთს საკრებულო 3 თვის განმავლობაში ვეღარ დასვამს. შედეგებით კმაყოფილი არ იყო რამდენიმე დეპუტატი და მცდელობა იყო არეულობისა და პროცესის ჩაშლის. ამ პროცესებმა მძიმედ ჩაიარა, თუმცა შედეგი გამოცხადდა, დამთავრდა პროცესი და ინგა მაღრაძე აგრძელებს თავისი საქმიანობის განხორციელებას”, – ამბობს ხათუნა სამნიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ხარაგაულის საკრებულოს სხდომა. 01.08;2016. ფოტო: ხათუნა სამნიძე

ხარაგაულის საკრებულოს სხდომა. 01.08;2016. ფოტო: ხათუნა სამნიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი