ახალი ამბები

”ქართული პარტიის” გენერალურ მდივანს საქართველოდან არ უშვებენ[video]

13 მარტი, 2012 •
”ქართული პარტიის” გენერალურ მდივანს საქართველოდან არ უშვებენ[video]

”ქართული პარტიის” გენერალურ მდივანს ირაკლი დოლაბერიძეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები ორი თვეა, ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ და მიზეზსაც არ უხსნიან. საქმეში საქართველოს სახალხო დამცველიც ჩაერთო, თუმცა ინფორმაცია ვერც მან მოიპვა.

ირაკლი დოლაბერიძე 11 მარტს, გამთენიისას, სტამბულის გავლით პარიზში ”ქართული პარტიის” ლიდერთან, ირაკლი ოქრუაშვილთან კონსულტაციების გავლის მიზნით მიემგზავრებოდა. როგორც მან ”ნეტგაზეთს” განუცხადა, მას აქვს საფრანგეთის გრძელვადიანი ვიზა, თუმცა საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ მას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა პასპორტი უკან დაუბრუნეს და განუცხადეს, რომ მისი სახელი და გვარი იმ პირთა ბაზაში იყო შეყვანილი, ვისაც ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს.

მსგავსი ფაქტი ირაკლი დოლაბერიძეს 2012 წლის 6 იანვარსაც შეემთხვა. მესაზღვრეებმა ”ქრთული პარტიიის” გენერალურ მდივანს  იანვარშიც ანალოგიური მიზეზი დაუსახელეს.

ირაკლი დოლაბერიძე ამბობს, რომ ის არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, არ არის პრობაციონერი და არ არსებობს კანონით გათვალისწინებული არანაირი ღონისძიება, რის საფუძველზეც შეიძლება მას შეეზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული გადაადგილების უფლება.

დოლაბერიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ 6 იანვრის შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მას უცნობი პირები დაბურულმინებიანი ავტომობილებით 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. პოლიტიკოსმა არ იცის, კონკრეტულად ვინ იყვნენ ეს ადამიანები და წარმოადგენდნენ თუ არა რომელიმე სამართალდამცავ უწყებას.

პოლიტიკური საქმიანობის გარდა, ირაკლი დოლაბერიძე კარატეს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ასევე არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. როგორც თავად ამბობს, მას ხშირად უწევს საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრება.

იმის გასარკვევად, თუ რის საფუძველზე ეკრძალება ქვეყნიდან გასვლა, ირაკლი დოლაბერიძემ “ქართული პარტიისა” და კარატეს ეროვნული ფედერაციის სახელით არაერთხელ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა იანვრიდან დღემდე პასუხი არ მიუღია.

”ქართული პარტიის” პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ლია კამლაძის თქმით, ის ყოველდღე რეკავს შსს-ში, თუმცა, უშედეგოდ. როგორც მას სამინისტროს დაბალი რგოლის თანამშრომლებმა განუცხადეს, ”ქართული პარტიის” განცხადება შსს-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, შოთა ხიზანიშვილს დაეწერა.

”ნეტგაზეთი” დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეეცადა დაკავშირებოდა შოთა ხიზანიშვილს. პირველ ჯერზე შსს-ს ადმინსიტრაციის უფროსმა განგვიცხადა, რომ ირაკლი დოლაბერიძის პრობლემის შესახებ აქამდე არაფერი სმენია და ეს ჩვენგან ”პირველად გაიგო”, თუმცა საქმის გარკვევას დაგვპირდა. ამის შემდეგ ხიზანიშვილმა ”ნეტგაზეთის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მას მოგვიანებით სხვა ნომრიდან დავუკავშირდით, რაზეც დაუყვონებლივ გვიპასუხა, თუმცა კვლავ საქმის გარკვევას დაგვპირდა და მომდევნო ზარებს არც ამჯერად უპასუხა.

”ქართული პარტიის” გენერალური მდივნისთვის შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით შსს-სგან პასუხი ვერც საქართველოს სახალხო დამცველმა მიიღო.

ომბუდსმენის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ერემაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ  „ქართული პარტიის“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი დოლაბერიძემ ომბუდსმენს მიმდინარე წლის 9 იანვარს მიმართა და შეატყობინა, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლებას უზღუდავდნენ. ირაკლი დოლაბერიძემ სახალხო დამცველის ოფისს განმეორებით 11 იანვარსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მას უთვალთავლებდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2012 წლის 20 იანვარსა და 9 თებერვალს მიმართა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ირაკლი დოლაბერიძის გადაადგილების შეზღუდვის საფუძვლების შესახებ.

ომბუდსმენმა ასევე 2012 წლის 8 თებერვალსა და 2 მარტს მიმართა საქართველოს შს სამინისტროს ადმინისტრაციას, საიდანაც გამოითხოვა ინფორმაცია შს სამინისტროში ირაკლი დოლაბერიძის 2012 წლის 6 იანვრის #3/01 განცხადების შესწავლის შედეგების თაობაზე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ირაკლი დოლაბერიძის გადაადგილების შეზღუდვის საფუძვლების შესახებ.

რაც შეეხება ირაკლი დოლაბერიძის მეორე განცხადებას (ვიზუალურ კონტროლთან დაკავშირებით), 2012 წლის 8 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ირაკლი დოლაბერიძის განცხადების ასლი შემდგომი რეაგირებისთვის გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს. აღნიშნულ წერილზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ომბუდსმენის ოფისმა გამოითხოვა 2012 წლის 12 მარტს.

მიუხედავად ამისა, არც ერთ წერილეზე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს პასუხი ამ დრომდე არ  მიუღია.

,,ქართული პარტია“ საჯაროდ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვს დასაბუთებულ პასუხს, თუ რატომ ეზღუდება პარტიის გენერალურ მდივანს გადაადგილების უფლება. “ქართული პარტია” უახლოეს დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანს სარჩელს ირაკლი დოლაბერიძისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ირაკლი დოლაბერიძე მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი არის ,,ქართული პარტიის“ მიმართ ზეწოლის მორიგი ფაქტი. მისი თქმით, იანვარში მასზე განხორციელებული თავლთვალისა და ქვეყნიდან არგაშვების მიზანი დაშინება და პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი, ნიკოლოზ ლეგაშვილი განმარტავს, რომ მოქალაქის ქვეყნიდან გაუსვლელობას,  პირველ რიგში,  განსაზღვრავს სასამართლო. როცა პირის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო, მას ეზღუდება ქვეყნის დატოვების უფლება. ასევე, ეს უფლება ეზღუდება გამომძიებლის დასაბუთებული დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის გამოძიებისას გაუსვლელობის ხელწერილზე ხელმოწერით და აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი