ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე: “ირაკლი ოქრუაშვილი არადამაჯერებელი, არასანდო ფიგურაა”

13 თებერვალი, 2012 • • 1598
მაია ფანჯიკიძე: “ირაკლი ოქრუაშვილი არადამაჯერებელი, არასანდო  ფიგურაა”

დღეს, 13 თებერვალს, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” პრეს–სპიკერი მაია ფანჯიკიძე თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ივანიშვილისადმი მიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არადამაჯერებელი, არასანდო  ფიგურაა.

“თუ მის მოღვაწეობას თვალს გადავავლებთ, მან ისეთი შეცდომები ჩაიდინა, რომლის შედეგებთან გამკლავება დღესაც გვიწევს. ასეთია ოსეთის კონფლიქტი, ასევე ის, რაც მისი გათავისუფლების შემდეგ მოხდა – იგი პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს (ერთ დღეში) და ხელისუფლების ხელშეწყობით უცხოეთში გაამგზავრეს, სადაც ის თავს კარგად გრძნობს. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე და ეს ჭკუასთან ახლოსაა, რომ მას ხელისუფებასთან კავშირი არ გაუწყვეტია. მან ბევრ კითხვას უნდა უპასუხოს, სანამ სხვის ტყუილზე ილაპარაკებს. ბიძინა ივანიშვილს დაუსაბუთებლად, არგუმენტების გარეშე საუბარი არ სჩვევია. რასაც ამბობს, ამის დამადასტურებელი ფაქტებიც აქვს და ერთ დღესაც მისი გამომზეურების დღე დადგება. ის ამბობს, რომ პოლიციისა და სამართალდამცველებისთვის იარაღი არასდრის შეუძენია და მისი ფულით მხოლოდ სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შეძენა მოხდა. ყველა პროექტი, რაც მას დაუფინანსებია, კეთილშობილურ მიზანს ემსახურებოდა. იგი არემონტებდა სკოლებს, თუმცა ლენტებს სხვები ჭრიდნენ. ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებას სახლეფასო ფონდში თანხებს ურიცხავდა, რათა ხელისუფლების წარმომადგენლები კორუფციაში არ ჩაფლულიყვნენ” – განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე განცხადებით, ის რასაც ივანიშვილი ამბობს, ფაქტებით და არგუმენტებითაა გამყარებული.

“ბიძინა ივანიშვილმა პირველი პოლიტიკური განცხადება ოქტომბერში გააკეთა. მას შემდეგ 4 თვე გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს აწარმოებდა და ყველა პოლიტიკური სუბიექტის მსოფლმხედველობა და წარსული შეისწავლა. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ივანიშვილი ამბობს, ფაქტებით და არგუმენტებითაა გამყარებული. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენს განცხადებებში ნაკლებად ისმის ხელისუფლების კრიტიკა, ჩვენთვის მათი კრიტიკა მთავარი თემაა, თუმცა იგი რატომღაც მასმედიაში ნაკლებ რეზონანსს პოულობს. ხელისუფლების კრიტიკა მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება და თითოეული არგუმენტი ფაქტებით იქნება გამყარებული” – აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს ”ქართული პარტიის” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა სპეციალური განცხადებით უპასუხა. ოქრუაშვილს მიაჩნია, რომ მისადმი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას ივანიშვილის გარემოცვის ოქრუაშვილის მიმართ ზიზღი განაპირობებს.

”გასულ კვირას გაზეთ “ასავალ-დასავლში” გამოქვეყნდა თქვენი ინტერვიუ, სადაც მცირე პასაჟით შემოიფარგლეთ ჩემ შესახებ.   საერთოდ არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, რომ არა “ქართული პარტიის” წევრთა უდიდესი ნაწილის მოთხოვნა, ერთი წინადადება მაინც მეთქვა იმ უმძიმეს ბრალდებაზე, რომელიც მე წამიყენეთ. საზოგადოებას რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ თქვენი შეფასება, ვახდენ ციტირებას: “ოქრუაშვილი ამათი ტიპიური სახეა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ის თანამშრომლობს ამ ხელისუფლებასთან და დღესაც ამ გუნდის წევრია! მათ მოუვიდათ შიდა კონფლიქტი, თუმცა, ახლა კვლავ ერთად არიან, მე რამდენადაც ვიცი…” – მიმართავს ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ოქრუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი