ახალი ამბები

გოჩა თევდორაძე: NDI ტენდენციურია, “პატრიოტთა ალიანსის” რეიტინგი გაცილებით მაღალია

29 ივლისი, 2016 • 1668
გოჩა თევდორაძე: NDI ტენდენციურია, “პატრიოტთა ალიანსის” რეიტინგი გაცილებით მაღალია

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, გოჩა თევდორაძე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგებსა და NDI-ს ტენდენციურს უწოდებს და მიაჩნია, რომ “პატრიოტთა ალიანსის” რეიტინგი გაცილებით მაღალია.

“ეს შედეგები რეალური არ არის. როგორც ყოველთვის, NDI ტენდენციურია და უნდა, მისთვის საურველი წარმოაჩინოს რეალობად. მისთვის კი სასურველია, რეალობა უნდა იყოს ის, რომ ნაციონალური მოძრაობა იგებდეს საქართველოში არჩევნებს, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და შესაბამისად, მნიშვნელოვნად აქვს გაზრდილი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების რეიტინგი. რეიტინგს მარტო ნაციონალური მოძრაობისას ხომ ვერ აიყვანდა უსასრულობისკენ, თუ ვინმეს არ გააყოლებდა მას?

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, – გამოკითხული რესპონდენტების 3% პასუხობს, რომ ხმას “პატრიოტთა ალიანსს” მისცემდა.

“კვლევა ტენდენციურია. გაცილებით დიდია ჩვენი რეიტინგი და ამას დაადასტურებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები”, – ამბობს გოჩა თევდორაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

კვლევის ფარგებში გამოკითხულთა 57%-ს ასევე არა აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მიიღებდით თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, გამოკითხულთა 67% ამბობს, რომ სავარუდოდ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 33% – სავარაუდოდ არ მიიღებს. გამოკითხულთა 38% კი ამბობს, რომ არ იცის, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდა ხმას.

გოჩა თევდორაძე გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მაღალი პროცენტული მაჩვენებლის არსებობას ხსნის ამომრჩევლების მიერ საკუთარი პოზიციის დამალვით და მიიჩნევს, რომ მათი უმრავლესობა სწორედ “პატრიოტთა ალიანსს” მისცემს ხმას.

“არ ვთვლი ამ კვლევას ობიექტურად და არ მინდა შედეგებზე დაყრდნობით ვისაუბრო, მაგრამ თუ NDI თვლის, რომ ამდენი ხალხი არ არის ჯერ ჩამოყალიბებული, ვის მისცემს ხმას, ან არ აცხადებს თავის პოზიციას, უნდა იცოდეს NDI-მაც და საზოგადოებამაც, რომ ვისაც ხელისუფლებისთვის ან ნაციონალური მოძრაობისთვის უნდა ხმის მიცემა, ის არცერთი არ მალავს თავის დამოკიდებულებას, თუ ვის მისცემს ხმას. აქედან უდიდესი ნაწილი არის “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველი. ხელისუფლებას ვინც აძლევს ხმას, იმას შიში არა აქვს, რომ გამოაცახდოს თავისი არჩევანი”, – ამბობს გოჩა თევდორაძე.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერს საეჭვოდ მიაჩნია არჩევნებამდე 2 თვით ადრე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა:

“ღმერთმა დაგვიფაროს, რომ არჩევნებამდე 2 თვით ადრე ამომრჩევლის ნახევარი ისეთი გაოგნებული იყოს, რომ არ იცოდეს, ვის აძლევს ხმას. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება და არ ხდება რეალურად. უკვე 2 თვეზე მეტია, საარჩევნო რეჟიმში ვართ. ივისიდან დაწყებული, ამომრჩეველი ჩააყენეს იმ რეჟიმში, რომ ქვეყანაში არჩევნები ტარდება და ამ დროს უკვე ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რიცხვი არაფრით არ შეიძლება, თითქმის ნახევარი იყოს”, – ამბობს თევდორაძე.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას  დღეს,სასტუმრო „რუმს ჰოტელში“, 2016 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გააცნეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4,113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. კვლევის ცდომილება +/- 2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი