ახალი ამბები

ბესელია: პაპუაშვილის განცხადებები ნაციონალური მოძრაობის სტილს გვაგონებს

28 ივლისი, 2016 • 1721
ბესელია: პაპუაშვილის განცხადებები ნაციონალური მოძრაობის სტილს გვაგონებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გიორგი პაპუაშვილის განცხადებები შეაფასა. ბესელია თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებების სტილს ჰგავს:

“საკონსტიტუციო სასამართლო თავისი მნიშვნელობით და თავისი კონსტიტუციური ბალანსის დაცვის თვალსაზრისით, არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და ყველა- პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უნდა ზრუნავდეს, რომ სანდოობა და დამოუკიდებლობის ხარისხი იყოს ძალიან მაღალი ამ სასამართლოში. ძალიან სამწუხაროა, რომ განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში, ძალიან ემსგავსება ნაციონალური მოძრაობის გაკეთბული განცხადებების სტილს. ფაქტების გარეშე, კონკრეტიკის გარეშე, მხოლოდ შეფასებები, ინსტიტუტებისადმი უნდობლობა, წინაპირობების დათქმა,  “არ ვენდობი პროკურატურას”, “არ მგონია რომ გამოძიება ჩატარდეს”. ამგვარი განცხადებები, სამწუხაროდ, ჩვენ გვაგონებს პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის სტილს” – ამბობს ბესელია.

ბესელიას თქმით, კარგია, რომ გამოძიება დაიწყო. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ თუ ვინმემ რამე კონკრეტულ ინფორმაციას ფლობს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, გამოძიებასთან ითანამშრომლობს:

“მე იმედი მაქვს, რომ თუკი ვინმემ რამე იცის კონკრეტული, ისაუბრებს პროკურატურასთან და მთავარ საგამოძიებო უწყებასთან. იმისთვის, რომ გამოძიება იყოს ეფექტური და გავიგოთ, ეს ეჭვები მართლდება, რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდის ანალიზით გვიღრმავდება, თუ არის მართლა რაიმე კონკრეტული ფაქტი,რომ ვინმე ახდენს ზეწოლას რომელიმე მოსამართლეზე. ეს იქნება ოდესა, თბილისი თუ ბრიუსელი” – ამბობს ბესელია ტელეკომპანია მაესტროს ეთერში.

2016 წლსი 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ზეწოლის შესახებ პაპუაშვილისა და მარგველაშვილის განცხადებებზე პროკურატურამ გამოძიება 26 ივლისს დაიწყო. გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში 27 ივლისს, 13:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იქ არ გამოცხადდა. პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებდა. პაპუაშვილი 27 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი