ახალი ამბები

გიორგი პაპუაშვილი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ: კითხვის ნიშნები დამრჩა

27 ივლისი, 2016 • 2993
გიორგი პაპუაშვილი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ: კითხვის ნიშნები დამრჩა

პრემიერ კვირიკაშვილთან თითქმის ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, განაცხადა, რომ მას კითხვის ნიშნები კვლავ დარჩა, პრემიერ-მინისტრი კი კვლავ თავის აზრზეა, თუმცა, პაპუაშვილის აზრით, შესაძლებელია პროკურატურას მიეცეს გამოძიების შანსი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პრემიერ კვირიკაშვილს დღეს, 27 ივლისს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკმაოდ ღია საუბარი ჰქონდა პრემიერ კვირიკაშვილთან იმ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომლებსაც ის იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

“პრემიერ-მინისტრი მაინც ენდობა საგამოძიებო ორგანოებს, ამიტომ მოუწოდა მოსამართლეს და ასევე აღგვითქვა, რომ უზრუნველყოფს ობიექტურ გამოძიებას და ამიტომ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საგამოძიებო ორგანოებთან. მე, რა თქმა უნდა, ჩემი კითხვის ნიშნები დამრჩა, პრემიერი დარჩა თავის აზრზე, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა პროკურატურას, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასოდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში არც პროკურატურას  არც შსს-ის, არც სხვა ძალოვან სტრუქტურებს არ გამოუძიებია … ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მაინც შესაძლებელია გარკვეულწილად ვიფიქროთ და გარკვეულწილად შანსი მიეცეთ”, – ამბობს გიორგი პაპუაშვილი.

“მე ამ შეხვედრის შემდეგაც ვეცდები დავარწმუნო ისინი, რომ ვისაც ამისი ინფორმაცია აქვს და აწუხებს, რომ ითანამშრომლონ მაქსიმალურად და მე გარკვეულწილად ვეცდები, მეც ვიყო გარანტი იმისა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ეს საქმეები ბოლომდე მივიდეს”, – განაცხადა პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში 27 ივლისს, 13:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იქ არ გამოცხადდა. პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე, პროკურატურაში მისვლას არ აპირებდა. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდა პრემიერთან შეხვედრას. სწორედ ამის შემდეგ გეგმავდა იგი აუდიენციას მთავარ პროკურატურასთან.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ზეწოლის შესახებ პაპუაშვილისა და მარგველაშვილის განცხადებებზე პროკურატურამ გამოძიება 26 ივლისს დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი