ახალი ამბები

შეუერთდებიან თუ არა პარტიები ენერგოპროექტების შეჩერების მოთხოვნას?

27 ივლისი, 2016 • 1965
შეუერთდებიან თუ არა პარტიები ენერგოპროექტების შეჩერების მოთხოვნას?

„მწვანე ალტერნატივა“ მოქმედ პოლიტიკურ გაერთიანებებს საქართველოში დაგეგმილი ენერგოპროექტების საპარლამენტო არჩევნებამდე შეჩერების მოთხოვნით შედგენილ მიმართვაზე ხელმოწერას სთავაზობს, რომელიც პარტიების ხელმოწერებით ინვესტორებს უნდა გაეგზავნოთ.

გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შედგენილ მიმართვას, რომელშიც, პოლიტიკურ პარტიების ერთობლივი მუშაობის შემდეგ, შესაძლოა გარკვეული შესწორებებიც შევიდეს:

“ჩვენ, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებები:

ვაცნობიერებთ რა, ენერგოსექტორის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვისა და ენერგეტიკული საჭიროებების შეფასების აუცილებლობას;

ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ენერგო-პროექტის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს მხოლოდ სტრატეგიული დაგეგმვისა და საჭიროებების დადგენის შედეგად, რომელიც ესადაგება ქვეყნის გაცხადებულ ეკონომიკურ პრიორიტეტებს;

მიგვაჩნია, რომ მიუღებელია ბოლო წლებში დამკვიდრებული ენერგო-პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პრაქტიკა, რომლის მიზანს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების (წყალი, ქვანახშირი) მაქსიმაული ათვისება, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური საკითხების იგნორირებით.

მხედველობაში ვიღებთ რა, იმ გარემოებას, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას; ასევე, გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით ყველაზე მისაღები ალტერნატივის განხილვისა და პროექტებთან დაკავშირებული სხვა რისკების შეფასების შესაძლებლობას;

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პოლიტიკური გაერთიანებები, მოგიწოდებთ, დროებით შეაჩეროთ ენერგო-პროექტების, მათ შორის, ზემო სვანეთში ნენსკრა ჰესისა და ხუდონჰესის, ზომ აჭარაში შუახევი ჰესის, ცაგერსა და ლეჩხუმში ნამახვანჰესის, ყაზბეგის რაიონში 500 კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისა და სხვა დაგეგმილი ენერგო-პროექტების განხილვა-დამტკიცების პროცესი, იმ დრომდე, სანამ არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ახალარჩეული პარლამენტი არ დაამტკიცებს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას, რომელიც უზრუნბელყოფს ზემოთ აღნიშნულ საკითხთა სრულყოფილ განხილვას.”

უახლოეს მომავალში პოლიტიკური პარიტების ხელმოწერებით ეს მიმართვა უნდა გაეგზავნოთ:

  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს
  • აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს
  • ევროპის საინვესტიციო ბანკის დირექტორთა საბჭოს
  • გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) დირექტორთა საბჭოს

საქართველოში დაგეგმილ ენერგო-პროექტებთან დაკავშირებით, სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზში, 26 ივლისს იმსჯელეს. მრგვალი მაგიდით ფორმატით გამართული შეხვედრის თემა იყო „პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროგრამებში საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვები“.

გუშინდელ შეხვედრაში, დარგის სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობდნენ სამოქალაქო აქტივისტები და იმ რეგიონების მკვიდრები, სადაც ენერგეტიკული პროექტის განხორციელება იგეგმება/მიმდინარეობს. პოლიტიკური პარტიებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: რესპუბლიკური პარტიის, თავისუფალი დემოკრატების, სახელმწიფო ხალხისთვისა და გირჩის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი