ახალი ამბები

პრეზიდენტს აინტერესებს რა კავშირი აქვს კალაძეს კორცხელის ინციდენტთან

26 ივლისი, 2016 • 1493
პრეზიდენტს აინტერესებს რა კავშირი აქვს კალაძეს კორცხელის ინციდენტთან

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საჭიროდ მიიჩნევს დადგინდეს რა კავშირი აქვს ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს კორცხელის ინციდენტთან.

“ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ინციდენტში ჩართული პირების მიმართ სათანადო სამართლებრივი რეაგირება. მეტიც, ეს ადამიანების პარტიულ თავყრილობაზე ვიცე-პრემიერ კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნენ. ქართული ოცნების შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან მის გვერდით. პრეზიდენტი მიიჩნევს და არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისათვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება. პრეზიდენტის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას – რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსს, სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებსაც ვიცე-პრემიერი ღია ეთერებში აკეთებს,” – განაცხადა მიშველაძემ.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი).

24 მაისს, ღამით ინციდენტის სავარაუდო მონაწილეები შსს-ში გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ და გადაწყვიტეს, ვითარების გასარკვევად თავად მისულიყვნენ. ისინი გამოძიებას არ დაუკავებია. მოგვიანებით შს მინისტრმა განაცხადა, რომ კორცხელის ინციდენტის სავარუდო მონაწილეების დაკავების საფუძველი არ ჰქონდათ.

კალაძემ მომხდარ ინცინდენტში“ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი