ახალი ამბები

ავტომაგისტრალის შედეგად დაზარალებულებს ორ თვეში დააკმაყოფილებენ

9 მარტი, 2012 •
ავტომაგისტრალის შედეგად დაზარალებულებს ორ თვეში დააკმაყოფილებენ

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გამდლისწყაროს მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც მათ თბილისი–სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის რეაბილიტაციის შედეგად წარმოექმნათ, 15 მაისამდე უნდა მოგვარდეს. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

“ნეტგაზეთმა” დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობის შედეგად გამადლისწყაროს მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთებამდე მისვლას ვეღარ ახერხებდა, რის გამოც უკვე ორი წელია გამდლისწყაროელები მოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.

სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა და დაზარალებულმა ციური თათრიშვილმა საავტომობილო გზების დეტარტამენტს პრობლემის მოგვარების თხოვნით გასული წლის სექტემბერში მიმართა. დეპარტამენტიდან გამოგზავნილ წერილობითი პასუხში ნათქვამი იყო, რომ ავტომაგისტრალის პარარელურად ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობაა გათვალისწინებული, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებდა ნაკვეთებამდე გადაადგილებას. სხვა დეტალური ინფორმაცია პასუხში არ ეწერა, შესაბამისად, ადგილობრივებს დღემდე არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაიწყება ახალი გზის მშენებლობა და მოაგვარებს თუ არა ეს გზა მათ პრობლემებს.

შეკითხვით, თუ რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს საავტომობილო გზების დეპარტამენტი  გამდლისწყაროელების პრობლემის მოსაგვარებლად და როდის, “ნეტგაზეთმა” ჯერ კიდევ ზემოთ აღნიშნული სტატიის მომზადების პროცესში  მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. პასუხი სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მივიღეთ:

“თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის კმ55-კმ80 მონაკვეთის რეკონსტრუქციის ფარლებში, კონტრაქტორს – ერთობლივ საწარმო “ნიუ ენერჯი – ალ ჰამრა-ზიმო“-სა და ზედამხედველ – შპს „ნიველტ ინჟინერია”-ს 2011 წლის 21 დეკემბრის #05-04/5196 წერილით მიეცა დავალება,  დაგეგმოს, ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე დაიწყოს და 2012 წლის 15 მაისამდე უზრუნველყოს კასპის რაიონის სოფელ გამდლისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. „ხორხების“ მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი საველე გზისა და სარწყავი არხის მოწყობა,” – ნათქვამია სამინისტროდან მიღებულ პასუხში, რომელსაც ხელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი აწერს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი გამდლისწყარო თბილისიდან ოციოდე კილომეტრში, ზედ ავტომაგისტრალთან მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი