ახალი ამბები

გიგაური სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე მოსამართლეებს საჯაროდ საუბარს ურჩევს

25 ივლისი, 2016 • 2225
გიგაური სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე მოსამართლეებს საჯაროდ საუბარს ურჩევს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური საკონსტიტუციო სასამართოს მოსამართლეებს ურჩევს, საჯაორდ განაცხადონ მათზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესახებ და ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

ეს განცხადება გიგაურმა დღეს, 25 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯდომარესთან, გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კონკრეტულ ფაქტებზე და იმ მოსამართლეებზე, რომლებზეც სავარაუდოდ განხორციელდა ზეწოლა:

“ჩვენ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგვაწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამ ზეწოლებთან დაკავშირებით. ცხადია, ჩვენ შევთანხმდით, რომ კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე არ ვისაუბრებდით. ზოგადად, უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ აქ იყო ისეთი კომუნიკაცია, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და გარკვეული ზეწოლის მცდელობა იყო იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიეღოთ კონკრეტულ მოსამართეებს.”

ეკა გიგაური ამბობს, რომ ამ საქმეში მთავარია, ყველამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე.

“ცხადია, ყველა ის მოსამართლე, რომელიც დღეს თავს იკავებს საჯარო განცხადებებისგან, მათაც უნდა განაცხადონ მათზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რადგანაც ისინი არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. მათ უნდა გაითვალისწინონ ის პასუხისმგელობლა, რომელიც მათ აკისრიათ. მათი განცხადებები, რა თქმა უნდა, იქნება იმის საფუძველი იმისთვის, რომ მომავალში ესეთ ზეწოლებს არ ჰქონდეს ადგილი. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარე ხვდება საქართველოს პრეზიდენტს და იგი შეხვდება სხვა თანამდებობის პირებსაც. მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს უფრო მაღალ დონეზე კომუნიკაცია ყველა იმ თანამდებობის პირთან, რომელიც არის საქართველოში დემოკრატიის გარანტი,” – აცხადებს IT-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მმართველი გუნდის წევრების დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, გიგაური ამბობს:

“პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია კორექტული განცხადებების გაკეთება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან საკითხს და სენსიტიურ თემებს. ეს უკვე ამ პოლიტიკოსების არჩევანია. მე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. აქ მთავარია შესაბამისი ორგანოების და იმ პირების განცხადებები, რომელთა ვალდებულებაც არის, ჩაატარონ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება. ასევე, სახელმწიფოს მეთაურებზე, ხელმძღვანელებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საქართველოს მომავალზე და დემოკრატიის სტანდარტზე.”

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებამდე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე ესაუბრა. პაპუაშვილმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, რაც გამოიხატება მათ თვალთვალსა და ოჯახის წევრების მიმართ დაშინებაში. მისი თქმით, ეს ყველაფერი უკავშირდება გახმაურებულ საქმეებს, რაც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში.

მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას.

მანანა კობახიძემ, პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, 25 ივლისს ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მას შესაძლოა “ალკოჰოლის ზედმეტი დოზა” ჰქონდა მიღებული, ხოლო ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სექსისტური შეფასება გამოიყენა მარგველაშვილსა და პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი