ახალი ამბები

პრეზიდენტი: სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა

25 ივლისი, 2016 • 1715
პრეზიდენტი: სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდოამრის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს გიორგი პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაპარაკი არის სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე.

პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ პროცესში პრემიერ-მინისტრი ჩართული არ არის;

“ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში, მაგრამ ჩნდება ტენდეციები უფრო დაბალ დონეზე პოლიტკიკურ ძალებსა და რაღაც ჯგუფებს შორის კავშირების ჩამოყალიბების:

“იმისთვის, რომ არჩევნები დავიცვათ, დავიცვათ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შევხვდე, რათა ამ საშიშ ტენდეციებს, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩნდება, გავცეთ სწრაფი, აზრიანი და ადექვატური პასუხი. საშიში ტენდეციაა, როცა პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ გარკვეული არაფორმალური კავშირები სამართალდამცავ , ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს კავშირი მოხმარებულია პოლიტიკური მიზნებისთვის,” – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოხმაურებები გაუგებარი იყო:

” როცა ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს ზეწოლაზე,  ეს შეიძლება იყოს უცხო ქვეყნი სპეცსამსახურები, შეიძლება იყოს ბიზნესი, შეიძლება იყოს კრიმინალი, ყველას ერთი რეაქცია უნდა გვქონდეს – დავიცვათ სახელმწიფო ინსტიტუტები, დავიცვათ მოსამართლეები. ამის ნაცვლად, განცხადებების მთელი კასკადი ვნახეთ, რომ ეს [ზეწოლაზე ინფრომაცია] ტყუილია. უცნაური ტენდეცია იყო, საიდან იცით რომ ტყუილია,” – აღნიშნა მარგველაშვილმა.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი