ახალი ამბები

პაპუაშვილი: შევხვდები მთავარ პროკურორს, თუ დავინახავთ, რომ მზადყოფნაა იქიდან

25 ივლისი, 2016 • 1120
პაპუაშვილი: შევხვდები მთავარ პროკურორს, თუ დავინახავთ, რომ მზადყოფნაა იქიდან

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დღეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე ესაუბრა. პაპუაშვილმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ თვალთვალსა და ოჯახის წევრების მიმართ დაშინებაში. პაპუაშვილის თქმით, ეს ყველაფერი უკავშირდება გახმაურებულ საქმეებს, რაც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში.

ამის შემდეგ პროკურატურამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს მისულიყო პროკურატურაში, რათა მოხდეს მისი გამოკითხვა.

“მე არსად მისვლას არ ვაპირებ, შევხვდები, თუ საჭირო იქნება, რომ მივაწოდო ინფორმაცია მთავარ პროკურორს, თუ დავინახავთ, რომ მზადყოფნაა იქიდან არა როგორც ადრე, როდესაც არავითარი რეაგირება არ იყო, არამედ პირიქით, გაუარესდა მდგომარეობა და იმის შემდეგ უფრო გაძლიერდა ზეწოლები. ასე რომ ჩვენ ინფორმაციას რომ ვაწვდით, უკუშედეგს ვიღებთ და უკუშედეგი რომ არ იყოს, გვინდა სწორედ უზრუნველყოფა, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე”, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა დღეს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

მან არც დღეს დაასახელა კონკრეტული გვარები იმ მოსამართლეების თუ ვის მიმართ აქვს ადგილი ზეწოლას. პაპუაშვილის თქმით, ის მზად არის შეხვდეს ამ საკითხებზე პრემიერ-მინისტრს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა სამართალდამცავებს, გამოძიონ საკონსტუტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები. მისი თქმით, მისი ოჯახის წევრის მიმართაც ჰქონდა სამართალდამცავების გამოყენებით ზეწოლის მცდელობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი