ახალი ამბები

კალაძის სექსისტური შეფასება მარგველაშვილისა და პაპუაშვილის განცხადებებზე

25 ივლისი, 2016 • 1739
კალაძის სექსისტური შეფასება მარგველაშვილისა და პაპუაშვილის განცხადებებზე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სექსისტური შეფასება გამოიყენა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, ხოლო ჭორიკნობის კონტექტსში კალაძემ ქალები გაიხსენა.

“მე ძალიან ეჭვი მეპარება, ამ განცხადებებს როდესაც ვისმენ, მგონია ეს პოლიტიკური სპეკულაციები, რადგან დღემდე არ მისულა ბატონი პაპუაშვილი პროკურატურაში. მგონია, საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ. ეს ვფიქრობ არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების, რომელზეც დგას ნებისმიერი ევროპული ქვეყანა და მათ შორის ჩვენი ქვეყანა და ვფიქრობ არ უნდა იყოს, არ არის სწორი ასეთი მაღალი თანამდებობის პირებისგან ასეთი განცხადებები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს გიორგი პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაპარაკი არის სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

დღესვე მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ იგი მზადაა შეხვდეს როგორც პრეზიდენტს, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი