ახალი ამბები

შსს-ს განმარტება პრეზიდენტის განცხადებაზე მისი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის შესახებ

25 ივლისი, 2016 • 1506
შსს-ს განმარტება პრეზიდენტის განცხადებაზე მისი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრზე იყო ზეწოლის მცდელობა სამართალდამცავების ჩართულობით.

“რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სამართალდამცველების მიერ მისი ოჯახის წევრის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული შემთხვევის გარკვევა დაავალა შს მინისტრს. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტი დღევანდელ განცხადებაში, შესაძლოა, გულისხმობდა შემდეგ ფაქტს, კერძოდ:

შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება). ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მიხეილ თ.-სა და მინდია გ.-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ. -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი.

ამავე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა მინდია გ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, არ დამდგარა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილე პირთა უფლებების სრული დაცვით და მიზნად ისახავდა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაცია მიუღებლად მიგვაჩნია”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს გიორგი პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაპარაკი არის სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე.

დღესვე საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტთან და მაშინვე დაავალა შს მინისტრს საკითხში გარკვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი