ახალი ამბები

თეა წულუკიანი: ძალოვანი სტრუქტურები მზად არიან მუქარაზე განცხადება გამოიძიონ

25 ივლისი, 2016 • 2090
თეა წულუკიანი: ძალოვანი სტრუქტურები მზად არიან მუქარაზე განცხადება გამოიძიონ

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურები  მზად არიან შესაძლო მუქარაზე პრეზიდენტისგან ინფორმაცია მიიღონ და  გამოიძიება დაიწყონ:

“როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრს, ან მისი სამსახურის თანამშრომელს, ან ინსტიტუტის წარმომადგენელს ემუქრებიან,  ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს სრული მზაობა აქვთ, რომ ეს ინფორმაციები მოისმინონ, მიიღონ, დააოქმონ და იქ, სადაც საჭიროა გამოძიება დაიწყოს,” – აღნიშნავს წულუკიანი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს გიორგი პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაპარაკი არის სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ. ინფორმაციას ამის თაობაზე მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი