ახალი ამბები

მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

25 ივლისი, 2016 • 1575
მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ. ინფორმაციას ამის თაობაზე მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავარი პროკურორი  ასევე მზადყოფნას გამოთქვამს  დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შესახვედრად,  მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებებისირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

“შეხვედრების შესახებ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაცის მიერ უკვე ეცნობათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და  საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს გიორგი პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაპარაკი არის სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი