ახალი ამბები

პეტრიაშვილი: საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ სახელისუფლებო სკანდალთან

25 ივლისი, 2016 • 1350
პეტრიაშვილი: საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ სახელისუფლებო სკანდალთან

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი პრეზიდენტის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ საქმე სერიოზულ სახელმწიფო სკანდალთან გვაქვს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა:

“დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ სახელისუფლებო სკანდალთან. მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრემიერ-მინისტრი შესაბამის რეაგირებას გააკეთებს და შეხვედრას, რომესაც პრეზიდენტი მასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გეგმავს, მოჰყვება კონკრეტული გაგრძელებები, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენით. პრეზიდენტი საუბრობდა ძალიან კონკრეტულად, ძალიან მკაფიოდ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით.  საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ეს ქვეყანა მართლაც ჩალით არ არის დახურული და მახინჯი ტრადიცია, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში დამკვიდრდა, აღიკვეცება,” – ამბობს პეტრიაშვილი.

პეტრიაშვილის მოსაზრებით, ზეწოლას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ცდილობდნენ, თუ სუს-ის წარმომადგენლები – ამ კითხვას აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა უნდა გასცეს პასუხი:

“უნდა მოხდეს აქტიური ჩარევა, გამოვლინდნენ კონკრეტული ადამიანები, უნდა გამოვლინდეს ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და მოხდეს მათი დასჯა. ”

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებამ არ გააოცა, რადგან სამართალდამცავები მისი ოჯახის წევრზეც ცდილობდნენ ზეწოლას. ამის შესახებ მან დღეს, 25 ივლისს გიორგი პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

“დაახლოებით ერთი თვის წინ სამართალდამცავების ჩართვით ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა. ეს იყო იმიტაცია, რეალურად. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის გასაოცარი, რაც ბატონმა პაპუაშვილმა მითხრა. ჩემი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩაატარეს ჩხრეკა იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაპარაკი არის სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობლივ მოქმედებებზე.

21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რაც გამოიხატება მოსამართლეების თვალთვალსა და მუქარაში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. მისივე თქმით, ის მზადაა, დეტალები აღნიშნულ ფაქტებზე მიაწოდოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ. ინფორმაციას ამის თაობაზე მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი