ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

24 ივლისი, 2016 • 1132
სომხეთში პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის  ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ერევანში მომიტინგეთა დაშლის დროს პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გამოძიება დაიწყეს. საუბარია 2016 წლის 20 ივლისს ერევანში პოლიციის დაკავებულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების დროს მომხდარ კანონდარღვევებზე.

ოფიციალური ცნობითვე, უწყებამ სისხლის სამართლის საქმე არაერთი პოლიციელის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას კავკაზსკი უზელი ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ზოგიერთმა პოლიციელმა მოქალაქეები ქალაქის პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში მიიყვანა, მათ მიმართ ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, ასევე, უკანონოდ, გათვალისწინებულ ვადაზე მეტი დროით დააკავა,  დაპატიმრებულ მოქალაქეებს უარი ეთქვათ სამართლებრივ დახმარებაზე. გარდა ამისა, პოლიციელებმა ჟურნალისტებსაც შეუზღუდეს საქმიანობა.

17 ივლისის დილას შეიარაღებული პირები ერბუნის რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. მათ მძევლად რამდენიმე პოლიციელი აიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი, ამავე პოლკის მეთაური არტურ ვანოიანი დაიღუპა. ოთხი პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი დაჭრილია. 20 ივლისს პოლიციამ დაშალა მოქალაქეების საპროტესტო აქცია ერევნის საპატრულო პოლიციის შენობასთან. მიტინგის დაშლის დროს 136 მოქალაქე დააკავეს. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად დაშავდა დაახლოებით 45 ადამიანი, მათ შორის, 25 პოლიციელი.

ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი, 2016

ფოტო: არმინე ავეტისიანი/ნეტგაზეთი, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი