ახალი ამბები

უსუფაშვილი: რესპუბლიკელებს ვინმეს დასამადლებელი და დასაყვედრებელი არაფერი გვჭირს

21 ივლისი, 2016 • 1324
უსუფაშვილი: რესპუბლიკელებს ვინმეს დასამადლებელი და დასაყვედრებელი არაფერი გვჭირს

“ჩვენ კოალიციაში იმიტომ არ შევსულვართ, რომ ყველაზე ხელსაყრელ დროს გამოვსულიყავით იქიდან. ჩვენ კოალიციაში შევედით იმისთვის, რომ გვეშრომა, გვეკეთებინა საქმე ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ჩვენ საქმის ბოლომდე კეთებისთვის ვიყავით კოალიციაში და არა რაც შეიძლება მალე წამოსვლისთვის და საკუთარი პოზიციონირებისთვის,” – ეს განცხადება ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ “კოალიცია ქართულ ოცნებაში” რესპუბლიკელებმა საქმე ბოლომდე და პირნათლად შეასრულეს და ისინი არავისთან მისულან “ხელგაწვდილი, იქნებ სადმე წაგვიყვანოთო”.

“ჩვენ ასე მივედით კოალიციაში და ვინმეს დასამადლებელი და დასაყვედრებელი არაფერი გვჭირს,” – ამბობს უსუფაშვილი და აღნიშნავს, რომ  ნებისმიერ ადამიანთან, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის საქმიანობაში ეჭვი ეპარება, მზად არის ღია დებატებისათვის.

დავით უსუფაშვილი არ უარყოფს, რომ რესპუბლიკური პარტია აიძულეს, დაეტოვებინა კოალიცია მასში  გაჩენილი განსხვავებული პოზიციების გამო:

“კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებისთვის პრინციპულად მიუღებელია ის, რასაც რესპუბლიკური პარტია აკეთებდა წლების განმავლობაში და რასაც ივანიშვილმაც დაუჭირა მხარი. ეს იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, საქართველოს გაწევრიანება ნატოში და თავისუფლების დამკვირდება ყველასთავის, რაგდან ჩვენთვის ყოველთვის ამოსავალი წერტილი იყო ადამიანი და არა ის ადამიანი, რომელიც მე მიჭერს მხარს.

ეს იყო მიუღებელი ძალიან ბევრისთვის. ამ იდეებით არ შექმნილა კოალიცია.” – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე და ამის მაგალითად თვითმმართველობის რეფორმა და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების პროცესები მოჰყავს.

“ვინმეს ჩვენი გამოშვება რომ შეძლებოდა, გამოგვიშვებდნენ 2013 წლის იანვარში […] სადმე მართლა შეპარული ვიყავით?”

უსუფაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ახლა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მათ კოალიციასთან ერთად მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს.

2016 წლის 27 მარტს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი დატოვებდნენ კოალიციას. ოფიციალურად საარჩევნო კამპანია რესპუბლიკელებმა დამოუკიდებლად 12 ივლისს დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი