ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები “კაბელების საქმეზე” ასიათასობით ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ

20 ივლისი, 2016 • 1821
თავისუფალი დემოკრატები “კაბელების საქმეზე” ასიათასობით ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ

22 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე მსჯავრდებული პირების კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება. ამასთან დაკავშირებით დღეს, 20 ივლისს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ბრიფინგი გამართა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თავისუფალმა დემოკრატებმა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით გიორგი მარგველაშვილის სახელზე პეტიციის შეგროვება დაიწყეს. პარტიის ლიდერები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ათეულათასობით მოქალაქემ ხელი უკვე მოაწერა პეტიციას მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს. ხელმოწერების შეგროვება დღესაც გრძელდება საქართველოს ყველა რეგიონში. მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც ჯერ არ მოუწერია ხელი – დავირაზმოთ იმისთვის, რომ ხუთი უდანაშაულო ადამიანი დავიხსნათ ტყვეობიდან,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისი თქმით, პრეზიდენტს ხელმოწერები უახლოეს პერიოდში გაეგზავნება. მანამდე კი პარტიის ლიდერი სურვილს გამოთქვამს, რომ ასეულობით ათასი ადამიანი შეუერთდება ამ პეტიციას.

როგორც ალასანია აცხადებს, თავისუფალი დემოკრატები აგრძელებენ სამართლებრივი გზით სვლას, იყენებენ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს. მისი თქმით, ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს საჩივარი, სადაც უახლოეს მომავალში დაიწყება საქმის განხილვა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, სარჩელი შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ბრიფინგი გამართა. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ბრიფინგი გამართა. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“მე და ჩემი პარტიის ლიდერები ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას ქვეყნების საელჩოებს საქმის შესახებ. უნდა აღვნიშნო, რომ ამ საქმის მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენ შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ მთელმა საზოგადოებამ, ტყვედ აყვანილთა ოჯახებმა, ჩვენმა სამხედროებმა და სხვა სამართალდამცავებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ არასდროს არ მივატოვებთ, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ ზომას, რათა ისინი დაუბრუდნენ თავიანთ ოჯახებსა და საქართველოს,” – განაცხადა ალასანიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ განხრციელებულ სასამართლო რეფორმებს. ალასანიას თქმით, ამ რეფორმების შედეგად სახეზე გვაქვს “მურუსიძის სასამართლო” და “შოთაძის პროკურატურა”.

“მურუსიძის სასამართლო და შოთაძის პეოკურატურა – ეს გაუგონარი უსამართლობა ჩვენ ვერ ამოგვაგდებს საარჩევნო კალაპოტიდან. ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს გავაცნობთ იმ შეთავაზებებსა და საარჩევნო პროგრამას, რომელიც შეიმუშავეს ჩვენი გუნდის კვალიფიციურმა წევრებმა და ექსპერტებმა, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პოლიტიკური გუნდის ღირსების საქმე და მთავარი ამოცანაა ამ უდანაშაულო ადამიანების ციხიდან გამოხსნა,” – განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დღეს გამოეხმაურა ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს პატიმრობა მიუსაჯეს.

“პროცესი მიმდინარეობს. მე არ მინდა ჩემი საუბრით დავამძიმო ან გავართულო მათი ვითარება. არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებიც საქმეს დეტალურად მოიკვლევენ. ჩემი პიროვნული რწმენა არის, რომ იმედია, ეს ბიჭები იქნებიან მართლები”, – განუცხადა კაპანაძემ ჟურნალისტებს პარლამეტში, სადაც თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, დაკავებული პირები კი – უდანაშაულოები არიან. “სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო ISFED-ის წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სასამართლო უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს.
პარტია “თავსუფალი დემოკრატების” წევრებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს.

18 მაისს “ეროვნულმა ფორუმმა” პრეზიდენტს ამ ადამიანების შეწყალებისკენ მოუწოდა. თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საქმეს განსაკუთრებით დააკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი