ახალი ამბები

ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადებიან

2 მარტი, 2012 • 1211
ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადებიან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. 4 მარტს აქ 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 98 პროცენტი რუსეთის მოქალაქეცაა, ამიტომ არჩევნებში, რუსულ სამხედრო ბაზებში მყოფი მოსამსახურეების გარდა, ისინიც მიიღებენ მონაწილეობას.

რუსი ჯარისკაცების ნაწილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, რამდენიმე დღით ადრე ხმის მიცემა დე ფაქტო რესპუბლიკის მოშორებულ, ახალგორის და ზნაურის რაიონებში განთავსებულ  სამხედრო ბაზებზე  უკვე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სათათბიროს არჩევნებისთვის სულ 8 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და მონაწილეობა 13 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო,  მაგრამ ახლა უბნების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

4 მარტის არჩევნების ორგანიზებით ცხინვალში რუსეთის საელჩოა დაკავებული, მაგრამ აქ დასაქმებულ ადამიანებს პრობლემები შეექმნათ. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის წევრებად მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები უნდა იყონ შერჩეულები, ადგილობრივ ოსებს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, ამიტომ საელჩომ კომისიებში რუსი ჯარისკაცები გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დე ფაქტო რესპუბლიკაში ძალიან გამარტივებულია და ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს თუნდაც ვადაგასული რუსული პასპორტით შეეძლება, რაც ადგილობრივ ანალიტიკოსებს ეჭვს უძლიერებს, რომ პუტინის მხარდასაჭერად საელჩოს წარმომადგენლები და ჯარისკაცები ე.წ. “კარუსელს” გამოიყენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი