ახალი ამბები

ენმ-ის 19 დაპირება საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის მიმართულებით

19 ივლისი, 2016 • 2104
ენმ-ის 19 დაპირება საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის მიმართულებით

საგარეო, თავდაცვისა და მშვიდობის პოლიტიკა – ასე ჰქვია თავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამიდან, რომლის პრეზენტაციაც პარტიამ დღეს გამართა.

“ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამ სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობა გადადგამს სწრაფ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ დაძლიოს ეკონომიკური სტაგნაცია და სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებით ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს”, – ნათქვამია პარტიის პროგრამაში.

რაც შეეხება უშუალოდ დაპირებებს ზემოხსენებული მიმართულებით, ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანია ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობა. პარტიის საგარეო პოლიტიკის ამოცანად დარჩება საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება, “რაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება”:

  1. 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას ევროპაში; შევქმნით პირობებს, რომ უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი საქართველოს წინააღმდეგ არ იქნას გამოყენებული;
  2. ევროკავშირთან მოლაპარაკების გზით ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ჩვენs მოქალაქეებს, სურვილისამებრ, შეეძლოთ კანონიერად იმუშაონ ევროკავშირის ქვეყნებში;
  3.  ჩვენ ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდავთ თანხებს, რათა ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა;
  4. ჩვენ ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდავთ თანხებს საქართველოს რეგიონების განვითარებისათვის;
  5. ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ 2019 წლიდან დაიწყოს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც არის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მჭიდრო ფორმა, როგორიც აქვს ისლანდიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინს;
  6. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყებთ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ. ამ მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, თუმცა ამჟამინდელ ხელისუფლებას 4 წელია ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამს;
  7.  ჩვენ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დავასრულებთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რაც ქართველ მეწარმეებს გაუხსნის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარს;
  8. ჩვენ ეფექტიანად გამოვიყენებთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს, რათა რუსული ბაზარი ღია იყოს ქართული პროდუქციისთვის.
  9. ჩვენ გავაგრძელებთ განუხრელ მსვლელობას ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია;
  10.  ჩვენ გავაღრმავებთ ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას;
  11. ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას დასავლეთის უშიშროებისა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში გარე ჩარევების განეიტრალების მიზნით;
  12.  ჩვენ დავუბრუნებთ მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს;
  13. ჩვენ გავაფართოებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენის მექანიზმებს;
  14. ჩვენ გავაძლიერებთ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომ მოვახდინოთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებად საყოველთაო აღიარება და მათი ანექსიის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ამ რეგიონების დეოკუპაციის გზაზე;
  15. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარალელურად ჩვენ გავაძლიერებთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში;
  16.  საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი გაძლიერებისა და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად, ნატოს ეგიდით და/ან ნატოს წევრ-სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საქართველოსათვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში;
  17. 2019 წლამდე, ეტაპობრივად, ჩვენ შეირაღებულ ძალებს სრულად გადავიყვანთ პროფესიულ-საკონტრაქტო სისტემაზე და, შესაბამისად, უარს ვიტყვით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე; გავაძლიერებთ ოფიცერთა კორპუსის პროფესიული მომზადების დონეს დასავლეთის წამყვან სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით;
  18. ჩვენ ახალი ძალისხმევით გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-აღჭურვას, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში შეჩერდა. განსაკუთრებულ ყურაღებას მივაქცევთ ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობასა და კიბერუსაფრთხოებას;
  19. ჩვენ გავაძლიერებთ სამხედრო მრეწველობას, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ასობით მილიონი დოლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი