ახალი ამბები

ნიცაში ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დადასტურდა

18 ივლისი, 2016 • 1683
ნიცაში ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დადასტურდა

“სამწუხაროდ, დღეს ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მიმდინარე წლის 14 ივლისს ქ. ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქის (ეკმალიანი რომანი, დაბ. 1960წ.) არსებობის შესახებ ინფორმაცია”, – ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რომან ეკმალიანი ბოლო წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა. მისი დაღუპვის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ”, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესრელიზში.

14 ივლისს ნიცის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები საფრანგეთის ნაციონალურ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღიშნავდნენ. სწორედ ხალხით სავსე ქუჩაში გაიარა სატვირთო ავტომობილმა, რასაც 84 ადამიანი შეეწირა, 100 კი დაშავდა. სატვირთოს მძღოლი პოლიციამ ადგილზე მოკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი