ახალი ამბები

ნიცაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

15 ივლისი, 2016 • 1555
ნიცაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

ნიცაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ, მისი ცოლი კი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში  საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ განაცხადა.

ეკა სირაძე-დელონეს ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არ არის:

“ვფლობთ ინფორმაციას საქართველოს ერთი მოქალაქის შესახებ, რომლის სახელს და გვარს არ დავასახელებ. დადასტურებულია, რომ მისი მეუღლე, რომელიც საქართველოს  მოქალაქე არ არის, გარდაცვლილთა შორის არის, ამოცნობილია ეს ქალბატონი. თვითონ ეს პიროვნება არ არის არც გარდაცვლილთა და არც დაშავებულთა შორის. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ამ წუთისთვის გარდაცვლილთა მხოლოდ 1/3-ია ამოცნობილი. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ  ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია  მაქსიმალურად მოვიპოვოთ,” – განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის დროს საქართველოს მოქალაქე ცოლთან ერთად ნიცაში, თავდასხმის ადგილზე იმყოფებოდა.

14 ივლისს, ადგილობრივი დროით საღამოს 11:00 საათზე, ნიცის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები საფრანგეთის ნაციონალურ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღიშნავდნენ. სწორედ ხალხით სავსე ქუჩაში მაღალი სიჩქარით გაიარა სატვირთო ავტომობილმა. მოწმეების განცხადებით, თავდამსხმელი ცდილობდა, რომ სატვირთო “ზიგზაგებით” ემართა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეშავებინა. გარდიანის ინფორმაციით, მშობლებმა “ისტერიულად გადაყარეს ბავშვები ღობეებიდან”, რათა სატვირთო მანქანისაგან გადაერჩინათ.

სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ხალხმრავალ გზაზე 2კმ-ის გავლა მოასწრო, სანამ პოლიცია მოკლავდა. იმ პოლიციელის განცხადებით, რომელმაც სატვირთოს მძღოლი მოკლა, თავმდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ხალხის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი