ახალი ამბები

ზაზა ფირალიშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

16 ივლისი, 2016 • 1888
ზაზა ფირალიშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილმა, რომელიც “თავისუფალ დემოკრატებში” რამდენიმე თვის წინ, მარტში გაწევრიანდა, პარტია დატოვა.

ამის შესახებ ფირალიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დღეს, “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობის დასრულების შემდეგ დაწერა. იგი ყრილობას, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართა, არ დასწრებია.

ზაზა ფირალიშვილი ასევე წერს, რომ შემოთავაზებები აქვს, თუმცა არ აპირებს რომელიმე სხვა პარტიაში გაწევრიანებას.

“პირველ რიგში, ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება ჩემი ტემპერამენტისა და ცხოვრების ყაიდის ადამიანისათვის ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა. ადრე ყოველთვის მრჩევლის სტატუსს ვჯერდებოდი, მაგრამ წევრობა სულ სხვა ვითარებაა. იყო, ცხადია, გარკვეული იდეოლოგიური და ტაქტიკური წინააღმდეგობებიც, იყო გაუგებრობაც, თუმცა კი ყველაფერი ეს დისკუსიას ექვემდებარებოდა,”- განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.

ირაკლი ალასანიამ ზაზა ფირალიშვილი პარტიის წევრებს 7 მარტს წარუდგინა. იგი პარტიის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს დაგეგმვის საკითხებს უნდა ჩადგომოდა სათავეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი