Interviewsახალი ამბები

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრია

7 მარტი, 2016 • 2141
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრია

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი გახდა. ირაკლი ალასანიამ ზაზა ფირალიშვილიპარტიის წევრებს დღეს, 7 მარტს წარუდგინა და განაცხადა, რომ იგი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში დაგეგმვის საკითხებს ჩაუდგება სათავეში.

ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, კომფორტულია დამოუკიდებელი ექსპერტის მდგომარეობა, როდესაც პასუხისმგებლობები არ გეკისრება. თუმცა, მისივე თქმით, როდესაც მძიმე პოლიტიკური ვითარებაა და არიან ძალები, ვინც ქვეყნის წარსულში დაბრუნებას აპირებს, პასიურობა დაუშვებელია.

ნეტგაზეთი ზაზა ფირალშვილს ესაუბრა საკითხებზე, თუ რატომ გადაწყვიტა “თავისუფალ დემოკრატებში” გაერთიანება, იქნება თუ არა საარჩევნო სიაში, რას ფიქრობს “კაბელების საქმეზე” და ა.შ.

რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ამ პარტიაში გაწევრიანება? რატომ არ აირჩიეთ კოალიციაში შემავალი რომელიმე პარტია ან კოალიციის გარეთ მყოფი სხვა პარტია? რა იყო კონკრეტული მიზეზები, რის გამოც გადაწყვიტეთ “თავისუფალ დემოკრატებში” მოსვლა?

რამდენიმე მიზეზია, რა თქმა უნდა. პირველ რიგში, მქონდა საშუალება, წლების მანძილზე თვალი მედევნებინა თავისუფალი დემოკრატებისთვის და ვხედავდი მათ დაბალანსებულ პოლიტიკურ პოზიციას, დაბალანსებულ იდეოლოგიურ პოზიციას. გარდა ამისა ვხედავდი, რომ თავისუფალი დემოკრატები ერთგვარად ცივილიზებული პოლიტიკური ენის შემოტანას ცდილობდნენ წლების განმავლობაში ქართულ სინამდვილეში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, იმოქმედა ბევრმა ფაქტორმა, ვიცნობდი ბევრს პარტიიდან და პირადი სიმპათიებიც მქონდა მათ მიმართ.

თქვენი წარდგენისას პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თქვენ უხელმძღვანელებთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს დაგეგმვის მიმართულებებს. რაიმე კონკრეტული ხედვით თუ მოხვედით თქვენ პარტიაში?

მე შეიძლება მქონდეს კიდევაც კონკრეტული ხედვა, მაგრამ მანამ, სანამ კარად არ გავეცნობი საქმეს, მე თავს მოვარიდებ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემას. ზერელე პასუხის გაცემა არ მინდა.

ასევე გვაინტერესებს, თუ არის საუბარი იმაზე, იქნებით თუ არა “თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო სიაში, არის ამაზე დაწყებული კონსულტაციები?

როგორ გითხრათ, პირველი დღეა, რაც მე თავისუფალ დემოკრატებთან ვარ. ასე რომ, არავითარ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია. რა თქმა უნდა, არის საუბარი ამ თემაზე, ისევე, როგორც ბევრს სხვა თემაზე. დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეიძლება.

თქვენ რამდენიმე წლის წინ, იყავით ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში. დღეს თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გადმოგენაცვლათ ოპოზიციურ პარტიაში. ამ კონტექსტში როგორც დაასაბუთებთ თქვენს გადაწყვეტილებას?

მრჩეველთა საბჭოს წევრობა არ ნიშნავს მაინცდამაინც, რომ შენ ორგანულად ხარ შერწყმული იმ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. მე ვიყავი მრჩევლი და ვიყავი მანამ, სანამდე ვგრძნობდი ჩემს ფუნქციას და სანამდე ისინიც გრძნობდნენ ჩემს ფუნქციას. დადგა მომენტი, როდესაც მათაც და მეც მივიჩნიე, რომ ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებდა იმის გამო, რომ ჩვენი გზები გაიყო. ძალიან ბევრი ნიუანსი იყო. მოგეხსენებათ, ჩენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბუნდოვანი იდეოლოგიური პოზიცია პარტია ქართული ოცნებისა, ჩემთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საეჭვი საკადრო პოლიტიკამ, რასაც მთელი საზოგადოება გრძნობდა, საკადრო პოლიტიკის სირთულეს. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოპოზიციურ პარტიაში ყოფნა ჩემთვუს თვითმიზანი არ ყოფილა. მთავარი არის, რომ საქმე დავიჭირო ისეთ ძალასთან, რომელიც მზად არის, შეიმუშავოს საერთო პირობითობათა სისტემა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, თუნდაც ისინი იდეოლოგიურად მკვეთრად იყვნენ განსხვავებული მისგან, “თავისუფალი დემოკრატები” მზად არიან თანამშრომლობისათვის. ჩვენს ქვეყანას თუ რამე აკლია დღეს პოლიტიკურ ცხოვრებაში, აკლია თანამშრომლობის ის მინიმუმი, რომელიც გარეშეც სახელმწიფო არ აშენდება. მე ვხედავ, რომ თავისუფალი დემოკრატები მზად არიან ამისთვის.

თქვენ ასევე იყავით მრჩეველი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში. კვლავ აგრძელებთ ამ პოსტზე ყოფნას?

ვერ გეტყვით. მე შტატში არ ვყოფილვარ. თუკი დასჭირდებათ ჩემი კონსულტაციები, მე უარს არ ვიტყვი იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივი საქმეა. ამ შემთხვევაში, ოპოზიციური პოზა, მაპატიეთ, თუკი სახელმწიფოებრივი საქმე ფუჭდება და ინგრევა, ნამდვილად არ უნდა დაიხიო უკან.

შეწყალების კომისიაზეც მინდა გკითხოთ: ახლახან დაინიშნეთ შეწყალების კომისიის წევრად. დებულების თანახმად, ინტერსთა კონფლიქტი თქვენი პარტიაში გაწევრიანებით არ იკვეთება. თქვენ მაინც ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კუთხით შეიძლება რამე შეიცვალოს?

კონფლიქტს მეც ვერ ვხედავ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შეწყალების კომისიის პირველივე სხდომაზე დავსვამ ამ საკითხს. თუკი შეწყალების კომისიის წევრებს მიაჩნიათ, რომ მართალია, დებულების თანახმად აქ კონფლიქტი არ არის, მაგრამ კითხვის ნიშნებია, კი, ბატონო.

ასევე მინდა გკითხოთ ერთ საკითხთან დაკავშრებით, რაზეც “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ ძალიან პრინციპული პოზიცია, რახან თქვენც წევრი გახდით, საინტერესოა, ამ საკითხს თუ იზიარებთ. ეს არის კაბელების საქმე, სადაც პარტიას აქვს დეკლარირებული, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ ამ საქმის ასე წარმართვაში. თქვენ იზიარებთ ამ ხედვას, თუ სხვა დამოკიდებულება გაქვთ?

ყველა შემთხვევაში, რაც მე დაბეჯითებით ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, კაბელების საქმე არის უთუოდ საეჭვო საქმე, რომელსაც უთუოდ მოჰყვა ძალიან ბევრი არასასურველი ეჭვი ხელისუფლებისათვის,- ეს კი ნამდვილად შემიძლია გითხრათ.

ზაზა ფირალიშვილი და ირაკლი ალასანია. ფოტო - თავისუფალი დემოკრატები

ზაზა ფირალიშვილი და ირაკლი ალასანია. ფოტო – თავისუფალი დემოკრატები

მასალების გადაბეჭდვის წესი