ახალი ამბები

“სამწუხაროდ, საფრანგეთი ტერორისტების სამიზნე გახდა” – ინტერვიუ საქართველოს ელჩთან საფრანგეთში

15 ივლისი, 2016 • 1853
“სამწუხაროდ, საფრანგეთი ტერორისტების სამიზნე გახდა” – ინტერვიუ საქართველოს ელჩთან საფრანგეთში

ნიცაში სატვირთო ავტომობილის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს.  ოფიციალური ინფორმაციით, იმ ადამიანებს შორის, რომელთა ვინაობა იდენტიფიცირებულია, საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან. რა ვითარებაა ახლა საფრანგეთში? – ნეტგაზეთის შეკითხვებს ელჩი ეკა სირაძე-დელონე პასუხობს:

ქალბატონო ეკა, თუ შეიძლება, რომ აგვიხსნათ, რა ვითარებაა ახლა საფრანგეთში?

მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა დაიწყო ნოემბერში და შემდეგ გაგრძელდა.  ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე სამხედროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული იმისათვის, რომ უსაფრთხოება უზრუნველეყოთ. ფეხბურთის ჩემპიონატმა ჩაიარა ისე, რომ მოხდა ერთი ტერორისტული აქტი. ერთი ადამიანი შეიჭრა პოლიციელი ცოლ-ქმრის სახლში და ორივე მათგანი დახოცა. ამ ინციდენტის გარდა სერიოზულ ტერორისტულ აქტს ადგილი არ ჰქონია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მათ უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა მოახერხეს.

რაც შეეხება ნიცასთან დაკავშირებულ ფაქტს, ერთი გარემოება, რაც ცალსახად გვხვდება თვალში, არის ის, რომ თუ შარლი ებდოს ან თუნდაც [2015 წლის] 13 ნოემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ მთელი საზოაგდოება, პოლიტიკური ელიტა მობილიზებული იყო ხელისუფლების გარშემო და გამოძიებას ელოდნენ, გუშინ საღამოს და დილანდელ საინფორმაციო გამოშვებებში უკვე ისმოდა შეკითხვები: რატომ, როგორ მოხდა? ძირითადი აქცენტი ხომ არ არის პარიზზე გადატანილი და სხვა ქალაქები ხომ არ არის დატოვებული ყურადღების გარეშე? როგორ მოხდა, რომ ამ პიროვნებამ მთელი ნიცა გამოიარა… იმ ადგილას [სადაც ეს აქტი მოხდა] სანამ მიხვალ, მთელი გზაა გასავლელი, შემდეგ 2 კილომეტრი თელა ბავშვები და ქალები და მხოლოდ შემდეგ მოხდა მისი ლიკვიდაცია… ეს არის აშკარა განსხვავება, რასაც ვხედავთ დღეს, რომ მოქალაქეები და  პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ითხოვენ ამ შეკითხვებზე პასუხებს [ხელისუფლებისაგან].

ჩანს ეს პასუხები?

პასუხები ჯერ არ ჩანს. ჯერ 12 საათიც კი არ არის, მე მგონი, გასული ამ საშინელი აქტიდან.  უსაფრთხოების საბჭოს კრებაა მობილიზებული. თავად შინაგან საქმეთა მინისტრი ნიცაშია და ის არ დაესწრო ამ შეხვედრას. პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტიც აპირებენ ნიცაში ჩასვლას. ჯერჯერობით, ბუნებრივია, პასუხს ვერ გასცემენ. დანამდვილებით იმაზეც კი ვერ საუბრობენ, რომ ეს ნამდვილად ტერიორისტული აქტია. მართალი გითხრათ, ქართველებისგან უფრო ვნახე ტვიტერზე გამოქვეყნებული ინფორმაცია იმაზე, რომ მომხდარს ალ შიშანის გამო განხორციელებულ შურისძიებას მიაწერენ ISIS-ის წარმომადგენლები.  ფრანგები ასე ცალსახად არ საუბრობენ და ვერ ამბობენ, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი.

უშუალოდ დამნაშავეზე ანუ იმ ადამიანზე, ვინც სატვირთო მანქანას მართავდა, რა ინფორმაცია ვრცელდება?

დაზუსტებულია მისი ვინაობა. გადამოწმდა მართვის მოწმობა , რომელიც ამ მანქანაში იპოვეს, შემდეგ გადაამოწმეს დნმ-ით და დადგინდა, რომ ეს ნამდვილად ის ადამიანია,  ვისი მართვის მოწმობაც მანქანაში ნახეს. ეს პიროვნება სამართალდამცველი ორგანოებისათვის ცნობილი იყო, მაგრამ როგორც ხულიგანი. ის ნასამართლევიც არის, თუ არ ვცდები, იარაღის გამოყენების გამო. ეს არის 31 წლის ადამიანი, რომელსაც საკმაოდ აგრესიულ პიროვნებად ახასიათებენ. ტუნისელი წარმოშობის ფრანგია, რომელიც ამჟამად ნიცაში ცხოვრობდა. ერთი გარემოება, რომელიც მნიშნელოვანია,  ის არ აღირიცხებოდა შესაბამისი ორგანოების მიერ რადიკალიზირებულ პირთა სიაში. ანუ ეს პიროვნება ნამდვილად არ ჰყავდათ ამ სიაში. ეს გარემოება, ცხადია, არ ნიშნავს, რომ მისი გარადიკალიზება არ შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ასე ცალსახად ჯერ  ვერ ადასტურებენ, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი. გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტია აღსანიშნავი. ფეისბუკით მე თავად გავავრცელე ინფორმაცია, რომ  სატვირთო მანქანაში ნაპოვნია იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ხელყუმბარები, მაგრამ დღეს უკვე დადასტურებით საუბრობენ, რომ ეს ასაფეთქბელი ნივთიერებები და ხელყუმბარები კი იდო ამ სატვირთო მანქანაში, მაგრამ გამოყენებისთვის უვარგისი იყო, ანუ მას აკლდა ძირითადი მექანიზმი, რომელმაც აფეთქება უნდა განახორციელოს. ანუ გამოუყენებელი მასალა იყო.

რა რჩევას მისცემდით საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საფრანგეთში გამგზავრებას აპირებენ. ნიცაში მომხდარი შემთხვევა არ არის ერთადერთი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ქვეყანაში მოხდა.

საფრანგეთის მიმართულებით მუქარები ისმის და მთავარია, რომ ჩვენ გავუსწოროთ თვალი რეალობას: საფრანგეთი, სამწუხაროდ, ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნე გახდა. თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გადასაწყვეტი იქნება, ჩამოვა თუ არა საფრანგეთში. ჩვენ, როგორც წესი, ვიღებთ ხოლმე ინსტრუქციებს საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოებისგან, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ჯერ არაფერი მიგვიღია. ჩვენი მხრიდან მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტურისტული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში [გადაადგილებისაგნ], როგორც წესი, ასეთი ტიპის ადგილები ხდება ხოლმე საფრთხე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი