გორის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გამართეს აქცია სახელწოდებით „ეს შენ გეხება“. ახალგაზრდები ქუჩაში გამვლელებს ურიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში 2011 წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების გასაცნობად. აქცია „ეს შენ გეხება“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების კამპანიაა და მიზანად ისახავს საკანონმდებლო ცვლილებების მიღწევას. აქცია დღეს, თბილისის გარდა, საქართველოს 8 ქალაქში გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები არა მარტო პოლიტიკური პარტიების, არამედ რიგითი მოქალაქეების უფლებებსაც ლახავს.
თუ მოქალაქემ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით, ან გააკეთა განცხადება პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ, თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურად აქტიურ პირს მოსთხოვა, ან მისგან მიიღო ფინანსური დახმარება, შესაძლებელია, მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით დაეკისროს.
თუ ვინმეს პოლიტიკურად აქტიურ ან პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნევენ, შესაძლოა ბანკისგან სესხი ვეღარ მიიღოს.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ უფლებაშემლახველი კანონის წინააღმდეგ ხმა საზოგადოებამაც უნდა აიმაღლოს. მისი აზრით, იზღუდება ადამიანის უფლებები და ამიტომ აქციის ორგანიზატორებმა მოსახლეობამდე ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა მიიტანონ, თუ რა საფრთხეს შეიცავს აღნიშნული კანონი. მისი თქმით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რათა თავიდან იქნას აცილებული ის უარყოფითი შედეგები, რასაც ეს კანონი ითვალისწინებს.
კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა 17 თებერვალს პარლამენტში პეტიცია შეიტანეს, რომლითაც „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში 2011 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებს აპროტესტებენ. პეტიციასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკანონმდებლო ორგანოს ამ კანონის ალტერნატიული ვარიანტიც წარუდგინეს.