საპარლამეტო უმცირესობისა და ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრი ლევან ვეფხვაძე აპირებს, უკან გაიტანოს საკანონმდებლო ინიციატივა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე.
“გუშინ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე, გამოვიტანო ჩემი საკანონმდებლო ინიციატივა. განსხვავებები, რომლებიც ამ ორ ინიციატივაში არის, შეიძლება ხელისუფლებამ გამოიყენოს იმისათვის, რომ მოახერხოს ვაჭრობა ამ ორი კანონპროექტით. ამიტომ მე მზად ვარ, უკან გამოვიტანო ეს საკანონმდებლო ინიციატივა და დარჩეს ერთი. აღნიშნულის შესახებ მე პარასკევს შევიტან განცხადებას,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ვეფხვაძემ.
იგი ასევე იმედს იტოვებს, რომ არასამთავრობოები გაიზიარებენ მის პრინციპულ პოზიციებს, რომლებიც მისეულ კანონპროექტში იყო წარმოდგენილი.
“რაც შეეხება ჩემს პრინციპულ პოზიციებს. მე, ბუნებრივია, ამ პოზიციებს შევინარჩუნებ და იმედი მაქვს, რომ არასამთავრობოები ჩემს აზრს გაიზიარებენ,” – აღნიშნავს ვეფხვაძე.
კამპანია “ეს შენ გეხება”–ს წარმომადგენელი ოთხი არასამთავრობო ორგნიზაცია (“საერთაშორისო–გამჭვირვალობა, საქართველო”, “ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “სამართლიანმა არჩევნებმა” და კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისათვის”) დადებითად აფასებს ვეფხვაძის განცხადებას კანონპროექტის გატანასთან დაკავშირებით.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამების დირექტორის, ნინა ხატისკაცის განცხადებით, ვეფხვაძის კანონპროექტი მიუღებელი იყო მათთვის, შესაბამისად, დადებითად ვაფასებთ მის გადაწყვეტილებას. ამ მომენტისთვის პარლამენტში ალტერნატიული სახით არსებული საკანონმდებლო დოკუმენტად დარჩება მხოლოდ ის ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვაქვს,” – აღნიშნავს ხატისკაცი.
შეგახსენებთ, გუშინ გაიმართა შეხვედრა ვეფხვაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობოებმა არ იცოდნენ, ერთმნიშვნელოვნად რა ცვლილებები განხორციელდებოდა ვეფხვაძისეულ კანონპროექტში.