ახალი ამბები

მიმართვა უზენაეს სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმეზე

14 ივლისი, 2016 • 1411
მიმართვა უზენაეს სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმეზე

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან შეიკრიბნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რუსთავი 2-ის მხარდამჭერები, რომლებმაც წაიკითხეს საგანგებო მიმართვა. მიმართვაში ნათქვამია:

“მივმართავთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს – გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს დემოკრატიული მომავალი. გთხოვთ, განიხილოთ რუსთავი 2-ის საქმე და იმოქმედოთ არა ერთი მოქალაქის ახირების, არამედ საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვით. მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოსაც. ჩვენ ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან დიდი წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა. ვიცით, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს. გვესმის, რომ სასწორზე დევს მოსამართლეების პირადი უსაფრთხოება. მაგრამ გთხოვთ, მხედველობაში მიიღოთ, რომ თქვენს გადაწყვეტიელბაზეა დამოკიდებული 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფალი მომავლის უზრუნველსაყოფად. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და შევახსენებთ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უზენაესი სასამართლოს მოქმედებებზე მასაც ეკისრება – მოსამართლეები მისი რჩეულები არიან. საერთაშორისო საზოგადოებას ვთხოვთ, კიდევ ერთხელ შეახსენოს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს ხელისუფლებას, რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი რუსთავი 2-ის დაკარგვა”.

13 ივლისს “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მოუწოდა უზენაეს სასამართლოს, რომ მიიღოს წარმოებაში რუსთავი 2-ის სარჩელი, რომელიც 12 ივლისს შეიტანა რუსთავი 2-მა სასამართლოში. მან ასევე მოუწოდა უზენაეს სასამართლოს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის მიერ გასაჩივრებულ მუხლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადებას.

ნიკა გვარამიას გუშინდელ ბრიფინგზე, ასევე, განაცხადა, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას დაეწერება რუსთავი 2-ის საქმე, მან ეს აიცილოს, ვინაიდან მზია თოდუა გასულ წლებში არის “ქართული ოცნების” შემწირველი, მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის “ქართუში” არაერთი წლის მანძილზე.

10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილის და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, რუსთავი 2-ის საქმეზე ხუთთვიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავაც ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავდა რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანიის წილის 51%-ის მფლობელი კომპანია ტვ “საქართველოს” მესაკუთრეების, ძმებ ყარამანიშვილების საჩივარს, რომელიც ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს. ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი