ახალი ამბები

რამდენად სამართლიანია პარტიებისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭების პრინციპი

13 ივლისი, 2016 • 3079
რამდენად სამართლიანია პარტიებისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭების პრინციპი

სამი პოლიტიკური გაერთიანების გარდა, სხვა პარტიებს არ შეეძლებათ არჩევნებში იმ ნომრით მონაწილეობა, რომლითაც წინა არჩევნებში სარგებლობდნენ. ისინი ამ ნორმას არასამართლიანად მიიჩნევენ, თუმცა საბოლოოდ მაინც წილისყრაში მოუწევთ მონაწილეობა, რათა საარჩევნო ნომერი მიიღონ.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ერთ-ერთია იმ პარტიებს შორის, რომელსაც საარჩევნო ნომრის შეცვლა მოუწევს. ამ პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რიგით ნომრად 8 სურს, თუმცა ცესკო ამის უფლებას არ აძლევს.  “პატრიოტთა ალიანსში” მიიჩნევენ, რომ ეს  ხელისუფლების შიშით არის განპირობებული.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია და ხელისუფლება უარზეა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” არჩევნებში 8 ნომრით ისარგებლოს. გასაგებია, ეს რატომ ხდება, ისინი ჩვენს პარტიაში ხედავენ ძალას, რომელსაც შეუძლიათ სოლიდურად აიღოს ხმები,” – ამბობს გოჩა თევდორაძე, “პატრიოტთა ალიანსი” ერთ-ერთი ლიდერი.

საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი “საქართველოს საარჩევნო კოდექსით” განისაღვრება. ამ კანონის 119-ე მუხლის თანახმად, პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს. ხოლო დანარჩენი სუბიექტების რიგითი ნომერი წილისყრით განისაზღვრება. თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გავიდა, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას.

“ამ ეტაპზე ნომრის დატოვების უფლება აქვს “ქართულ ოცნებას”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და “გართიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას”. დანარჩენი სუბიექტების ნომერი წილსიყრით განისაზღვრება. ეს კანონი არ ითვალისწინებს იმას, რომ  “პატრიოტთა ალიანსმა” საპარლამენტო არჩევნებში ის ნომერი გამოიყენოს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჰქონდა, “- ამბობს ანა მიქელაძე, ცესკო სპიკერი და აღნიშნავს, რომ სხვა პარტიების, მათ შორის კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი პარტიების ნომრები წილისყრით განისაზღვრება.

ანა მიქელაძის განმარტებით, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” “ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიის უფლებამონაცვლეა და ამიტომ აქვს ნომრის არჩევის უფლება:

“2012 წელს ქრისტიან-დემოკრატები მესამე ადგილზე გავიდნენ. პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებით, ამ პარტიამ სახელი შეიცვალა და “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” დაერქვა, ასევე შეიცვალენ ხელმძღვანელები. 2014 წლის თვითმმართველების არჩევნებამდე განხორციელდა ცვლილება,” – განმარტავს მიქელაძე.

გოჩა თევდორაძის მტკიცებით, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების დროსაც ანალოგიური სიტუაცია იყო და  საბოლოოდ მოახერხეს ის, რომ მათთვის მაინც 8 ნომერი განისაზღვრა:

“როცა ნახეს, რომ 2014 წლის თვითმმართველოს არჩევნებში 8 ნომრით მივიღეთ მონაწილეობა, საგარეჯოს შუალედური  არჩევნების დროს ირმა ინაშვილს მიანიჭეს 8 ნომერი და მარტვილშიც იგივე ნომერი მისცეს ჩვენს კანდიდატს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იგივე კანონმდებლობის პირობებში, ზუსტად ასეთივე სიტუაციაში შუალედური არჩევნებისთვის მოგვანიჭა 8 ნომერი და დღეს არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ გააჩნია იურიდიული უფლება, პრეტენზია ჰქონდეს 8 ნომერზე. არ არსებობს საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც წინა საპარლამენტო, ან თვითმმართველობის, ან შუალედურ არჩევნებში ამ ნომრით მონაწილეობდა.”

თევდორაძე ამბობს, რომ 8 ოქტომბერს, საპარლამენტოს გარდა, სამ ოლქში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და ორ არჩევნებში პარტიისთვის სხვადახვა ნომრის მინიჭება გაუგებრობას გამოიწვევს:

“ამ საარჩევნო უბნებზე ჩვენს მიერ თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატი იქნება 8 ნომრით, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სხვა ნომრით იქნება. ეს პარტიისთვის ხარჯს ზრდის, ასევე არჩევნებს ართულებს. ამომრჩეველი გაურკვევლობაში იქნება, რომელია პატრიოტთა ალიანსი, 8 ნომერი თუ სხვა. ასეთი ანომალიები აქვს ადგილი ხელისუფლების მიერ, რომ როგორმე პატრიოტთა ალიანსს ხელი სეუშალონ, ” – ამბობს თევდორაძე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საარჩევნო პროექტების მენეჯერი, ლევან ნატროშვილი “პატრიოტთა ალიანსის” პრეტენზიებს არ იზიარებს:

“პატრიოტთა ალიანსს” წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, მისი ნომერი წილისყრით განისაზღვრება. ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ ხელისუფლებას იმაში, რომ ამ პარტიას ხელს უშლიან 8 ნომრის არჩევაში. უბრალოდ, კანონი ასეთი იყო, ასეთია ახლაც ეს დებულება და არ მგონია, სამართლიანი იყოს, რომ ხელისუფლებას დავაბრალოთ – რატომ არ გადაწერეთ კანონი ხელახლა ისე, რომ პატრიოტთა ალიანსისთვის მოსახერხებელი ყოფილიყო. ნამდვილად ვერ გავიზიარებ ამ პრეტენზიას,”- ამბობს ნატროშვილი და აღნიშნავს, რომ 8 ოქტობმერს პარტიას ორი ნომრით სარგებლობა მოუწევს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  ცესკომ საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნებას” 7 ნომერი არ მიანიჭა. ლევან ნატროშვილის მტკიცებით, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება:

“პატრიოტთა ალიანსს” ნამდვილად არ ეკუთვნის კანონით ნომრის არჩევა. ხოლო “ქართული ოცნების” შემთხვევაში, კანონში იყო ბუნდოვანი ჩანაწერი. საუბარი იყო იმაზე, რომ თუ ბლოკს შექმნიდნენ ისეთი სუბიექტები, რომლებსაც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, შეეძლოთ ნომრის არჩევა. ცესკომ ეს ისე განმარტა, რომ ბლოკში შემავალ ყველა პარტიას უნდა ჰქონოდა წინა არჩევნებში მონაწილეობა მიღებული. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ნორმა ასე არ იკითხება.  პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს ასე არ იყო. გიორგი თარგამაძის პარტიამ 2008 წლის არჩევნებისთვის შექმნა  საარჩევნო ბლოკი და ბლოკში ჰყავდა პარტია, რომელსაც წინა არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ამის მიუხედავად უფლება მისცეს, წინა არჩევნების ნომერი დაეტოვებინათ,”- ამბობს ნატროშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი