ახალი ამბები

ბრძოლა “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომრისთვის

20 აგვისტო, 2012 • • 2059
ბრძოლა “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომრისთვის

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი ცესკოს გადაწყვეტილებას მათთვის  ნომერი “7”–ის არმინიჭებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.  

“ამას აკეთებენ 2 მიზეზის გამო: პირველი – დაბეჭდავენ სიას, რომელშიც “ქართული ოცნება” იქნება მეორე, ან მესამე გვერდზე, რომ ამომრჩევლებს დაეზაროთ გადასვლა და შეიძლება ვიღაცამ ვერც მონახოს და მეორე – ხედავენ რა, რომ უკვე ტრიალებს რეკლამებში, რომ “7” არის ბლოკის ნომერი და თავგზის აბნევა სურთ ხალხისთვის. ვიმეორებ, აბსოლიტურად კანონიერად არის ბლოკის ნომერი “7”, – განუცხადა “ნეტგაზეთს”  სოზარ სუბარმა. აღნიშნული ფაქტის საილუსტრაციოდ ის პარალელს წინა არჩევნებთან ავლებს.

“2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში  ანალოგიურ სიტუაციაში ნომერი “7” მიენიჭა ბლოკს “გაერთიანებული ოპოზიცია”. ზურაბ ხარატიშვილს[ცესკოს თავმჯდომარე] პირადად აქვს ხელი მოწერილი განკარგულებაზე, რომლითაც მსგავს სიტუაციაში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნომერი “2” მიანიჭეს ბლოკს “ალიანსი საქართველოსთვის”, ხოლო ნომერი “10” – ბლოკს “გიორგი თარგამაძე – ქრისტიან დმოკრატები”.  წინა არჩევნებში მონაწილეობდა სამი ბლოკი.  სამივე ბლოკში იყო პარტია, რომელსაც ნომერი  წინა არჩევნებიდან  ჰქონდა გადმოყოლილი.  ნომერი  “7” იყო “კონსერვატორების”, ნომერი “2” – “რესპუბლიკელების”, ხოლო ნომერი “10” – ქრისტიან–დემოკრატების. სამივე ბლოკში იყო პარტია, რომელსაც მანამდე არც ერთ არჩევნებში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ასეთი პარტიები იყვნენ: “თავისუფალი–დემოკრატები”, მეორე ბლოკში იყო ნოღაიდელის პარტია, ხოლო მესამე ბლოკში – “ჩვენ თვითონ”. არაფერი ამის შემდეგ არ შეცვლილა, კანონში შეიტანეს კოსმეტიკური ხასიათის ცვლილება,  ბოლო საპარლამენტო არჩევნების ნაცვლად ჩაწერეს რატომღაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები. ეს არაფერს არ ცვლის, ეს არის ერთი და იგივე”, – განმარტავს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს განმარტა, თუ რის გამო ვერ გამოიყენებს საარჩევნო ბლოკი “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” საარჩევნო ნომრად “7”–ს.

ცესკო აპელირებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებზე, რომლის თანახმად, “თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ”, ხოლო “ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით”.

ცესკოს განმარტებით, იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, “ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა, ანუ 25 აგვისტომდე.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აცხადებენ, რომ ეს საკითხი ნათლად და მკაფიოდ არ არის დარეგულირებული და გარკვეული ბუნდოვანება არსებობს და ის ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

“საარჩევნო კოდექსის 119–ე მუხლის მეოთხე პუნქტში არსად არ არის მითითებული, რომ ამ ბლოკებში შემავალ ყველა პარტიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული წინა არჩევნებში, თუმცა არც საწინააღმდეგო არ წერია. ასეთ შემთხვევაში გასათვალსიწინებელია ის პრაქტიკა, რომელიც გააჩნდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას , მაგალითად, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, 2010 წელს საარჩევნი ბლოკს, რომელშიც “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა” შედიოდა, მათ მიენიჭათ წინა საპარლამენტო არჩევნებში “ქრისტიან–დემოკრატების” საარჩევნო ნომერი “10”. თუმცა ამ ბლოკში შედიოდნენ ისეთი პარტიებიც, რომლებსაც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ ჰქონდათ მიღებული”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას საია–ს საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა. 

მისი შეფასებით, აქამდე ეს პრობლემა ალბათ იმიტომ არ დამდგარა დღის წესრიგში, რომ აქამდე კანონის განმარტება ხდებოდა ისე, რომ ეს განმარტება მაქსიმალურად კეთილგანწყობილი იყო პარტიებისათვის, მაქსიმალურად ორიენტირებული იყო მათ ინტერესებზე.

“ასეთ შემთხვევაში საჭიროა კერძო და საჯარო ინტერესების შედარება. საჯარო ინტერესი, რომ ამ საარჩევნო ბლოკს არ ჰქონდეს ნომერი “7” საარჩევნო ნომრად, არ არსებობს, თუმცა არსებობს ამ საარჩევნო ბლოკის კერძო ინტერესი, რომ ჰქონდეს საარჩევნო ნომერი “7”.  გარდა ამისა, ამ ბლოკს უკვე წარმოებული აქვს გარკვეული საინფორმაციო კამპანია, დაბეჭდილია სააგიტაციო მასალები. აქედან გამომდინარე, უფრო გასაგები იქნებოდა ცესკო–ს გადაწყვეტილება, თუკი ამ ბლოკს მიანჭებდა ნომერ “7”–ს, გარდა ამისა, კანონში მკაცრი აკრძალვა არ არის და ცესკო ამით კანონს არ დაარღვევდა”, – მიიჩნევს საია–ს იურისტი თათული თოდუა.

კოალიცია “ქართულ ოცნებაში” კი არ აპირებენ ნომერთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალონ.

“ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, ახალი ნომრის მინიჭებისთვის არავითარი წილისყრა არ იქნება. უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით ჩვენი კოალიციისთვის ნომერი “7”–ის მინიჭება. ნომერი “7” გვეკუთვნის კანონიერად და ცესკო–მ უნდა დაიცვას კანონი”, – ამბობს სოზარ სუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი