ახალი ამბები

ვინ აახდენს „ქართულ ოცნებას“ აჭარაში

20 თებერვალი, 2012 •
ვინ აახდენს „ქართულ ოცნებას“ აჭარაში

ჯერ ზუსტად არ  იციან, სამომავლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციაში  ვინ და რა შემადგენლობით იქნება. აჭარაში პოლიტიკური პარტიების რეგიონალური ორგანიზაციები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე  მოლოდინის რეჟიმში არიან.  ვინ იქნება პოლიტიკური „ქართული ოცნების“ ლიდერი აჭარაში? – ამ კითხვის პასუხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ  ეს კითხვა ახლაც  ღიაა და  კიდევ უფრო ბუნდოვანი, ვიდრე ერთი თვის წინ იყო. პოლიტიკოსები ერთმანეთთან სასაუბროდ  ეპისტოლარულ  ჟანრს ირჩევენ, ავრცელებენ განცხადებებს და პასუხსაც განცხადების ფორმით სცემენ.

ვინ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების” ლიდერი აჭარაში? დღემდე სამი კანდიდატი დასახელდა: ყოფილი „ფორუმელი” გია ემირიძე, ექსპერტი ასლან ლორთქიფანიძე და ასევე საუბარია „ემსახურე საქართველოს” თავმჯდომარე მურმან დუმბაძეზე.

მურმან დუმბაძის კანდიდატურაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა საგაზეთო ინტერვიუს დროს მურმან დუმბაძე ახსენა და თქვა, რომ „დუმბაძესთან ურთიერთობები უნდა აღდგეს და დათო უსუფაშვილი მუშაობს ამ კუთხით, მე როგორც ვიცი…“  ნიშნავდა თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ივანიშვილი  მურმან დუმბაძეს საკუთარ  რიგებში ლიდერის პოზიციაზე განიხილავდა, რომ არა კონფლიქტი უკვე კოალიციის წევრ რესპუბლიკურ პარტიასთან, კონკრეტულ პასუხს ამ თემაზე ივანიშვილის განმარტება არ შეიცავდა.

ერთი რამ ფაქტია, ამ განცხადების  შემდეგ აჭარაში რესპუბლიკელებს და ყოფილ რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა აგორდა  და დღემდე გრძელდება ბეჭდური მედიის ფურცლებზე, რეგიონულ  თოქ-შოუში და სოციალურ ქსელებშიც კი. ივანიშვილთან ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მურმან დუმბაძემ თქვა, რომ ის არ აპირებს რესპუბლიკური პარტიის არაპირდაპირი შეთავაზების მიღებას  და პარტიაში დაბრუნებას, რადგან მისი ამბიცია ქართულ ოცნებაში ლიდერის პოზიციის დაკავებაა. დუმბაძემ გაზეთ „ბათუმელებთან“ განაცხადა: „ჩატარებული აქვს კვლევები თავად ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ვართ სალიდერო პოზიციებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ  ჩვენ აჭარაში უნდა გამოგვიყენონ მიხეილ სააკაშვილის დასამარცხებლად”.

ბათუმელმა რესპუბლიკელმა გია მასალკინმა  საჯაროდ განაცხადა, რომ დუმბაძის  გამოჩენა „ქართულ ოცნებაში“ ლიდერის პოზიციაზე მისთვის იმდენად მიუღებელია, რომ ასეთ შემთხვევაში მის ადგილს ვეღარ დაინახავს „ქართულ ოცნებაში.“

შედარებით ფრთხილი იყო ირაკლი ჩავლეიშვილი: „თუ მურმანს მიიღებენ ქართულ ოცნებაში, ეს ამ პარტიის გადაწყვეტილება იქნება და ჩვენ მივიღებთ მას, როგორც ფაქტს. მე ამ წუთას მურმან დუმბაძესთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მას შემდეგ რა პერიპეტიებიც მოხდა ჩვენს  პარტიაში, არანაირი კონტაქტი არ გვქონია, მაგრამ ბოლო-ბოლო გერმანია და პოლონეთი შერიგდნენ, პოლიტიკა სხვა არის, საერთო მიზმნები და ქვეყნის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია” (აზიზიეს მეჩეთის ბათუმში აშენებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო მურმან დუმბაძე რესპუბლიკური პარტიიდან გარიცხეს).

დავით უსუფაშვილი, ვინც „უშუალოდ ურთიერთობის აღდგენის  კუთხით“  მუშაობდა, გაზეთ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. რამდენიმე დღის წინ მან  საჯარო განცხადება პარტიის ვებგვერდზე გამოაქვეყნა:  „მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ მოყვანილ დეტალებზე საჯარო საუბარი ხელს არ უწყობს საერთო საქმეს და დღემდე ამიტომაც ვდუმდი, მედიაში მურმან დუმბაძის მიერ ატეხილი აჟიოტაჟის გამო იძულებული ვარ, განვაცხადო შემდეგი: მურმან დუმბაძესთან დაახლოებით თვენახევრის წინ შემდგარი შეხვედრისას ჩემი სათქმელი იყო მარტივი, მკაფიო და საქმიანი. მე ვუთხარი, რომ მართალია რესპუბლიკურ პარტიასთან მისი ძველი ურთიერთობის აღდგენა იყო ორმხრივად შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო, გავმხდარიყავით პარტნიორები საერთო დიდ საქმეში. კონსულტაციების გაგრძელების ნაცვლად მურმან დუმბაძემ ახალი შემართებით გააგრძელა რესპუბლიკური პარტიის საწინააღმდეგო კამპანია (ამჯერად ეს „პატივი” კობა დავითაშვილსაც ერგო). მეტიც, ბოლო ხანებში საკითხი ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს მე მას შეხვედრის დროს გაუბედავად, მოკრძალებით და ირიბად ვთხოვე პარტიაში დაბრუნება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ მურმან დუმბაძე მოუხმობს კეთილგონიერებას, გაიაზრებს და გაითვალისწინებს არა მხოლოდ ჩემს, არამედ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის რჩევებსა და პოზიციებს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერის ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ მოვახერხებთ თანამშრომლობის ფორმატის გამოძებნას.“

ამ განცხადების შემდეგ მურმან დუმბაძემ გადაწყვიტა, უსუფაშვილისთვის ასევე წერილობის ფორმით ეპასუხა: „ბატონ დავით უსუფაშვილის განცხადების პათოსს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ურთიერთთანამშრომლობა და მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელს შეუწყობს საერთო მიზნის მიღწევას, ვეთანხმები. ამასთან, დღეს ეკონომიკურად სუსტი და სახელმწიფოებრივად ჩამოუყალიბებელი საქართველო, ახლომხედველი, უპრინციპო პოლიტიკური ხელისუფლებით, მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე გლობალური მასშტაბის გამოწვევების წინაშე დგას, რომლის გამკვლავებისა და თავდაცვის მექანიზმია: 1. უპრინციპო, ახლომხედველი პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება 2. სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობა, გამომდინარე ეროვნული ინტერესებიდან 3. დედა ეკლესიასთან არა მარტო კონსტიტუციური შეთანხმების ფორმალური არსებობის აღიარება, არამედ რეალურად მასთან მჭიდრო კონტაქტი და აზრის გათვალისწინება“.

ამ განცხადებების შემდეგ დამატებით კითხვებს არც მურმან დუმბაძე პასუხობს.  შესაბამისად, გაურკვეველია, კონკრეტულად რას გულისხმობს პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატი და , ბოლოს და ბოლოს, რომელ ლიდერს  ანდობენ „ქართული ოცნების“ ახდენას  აჭარაში.

მურმან დუმბაძე აჭარაში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ღიად და ოფიციალურად შესთავაზა ივანიშვილს თანამშრომლობა, რამდენიმე დღის შემდეგ „ემსახურე საქართველოს” ძირითადი შემადგენლობა ერთგვარი სოლიდარობის აქციის მონაწილე  გახდა, მათ „ქართუ ბანკში” ანგარიშები გახსნეს. ამ ორი ჟესტის შემდეგ ივანიშვილის საჯარო პასუხმა  დაახლოებით 4 თვით დაიგვიანა. იყო თუ არა ამის მიზეზი დაპირისპირება მურმან დუმბაძესა და რესპუბლიკელებს შორის, ესეც პასუხგაუცემელ კითხვათა რიცხვს მიეკუთვნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი