ახალი ამბები

კონტროლის პალატა ”ნაციონალებს” 95 ათასი ლარის ბიუჯეტში ჩარიცხვას თხოვს

20 თებერვალი, 2012 •
კონტროლის პალატა ”ნაციონალებს” 95 ათასი ლარის ბიუჯეტში ჩარიცხვას თხოვს

საქართველს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, ბიუჯეტში გადარიცხოს შემოწირულობის სახით მიღებული 95.848 ლარი. კონტროლის პალატაში მიაჩნიათ, რომ პარტიამ აღნიშნული რაოდენობის თანხა რეალურად ერთი პიროვნებისგან სხვადასხვა პირის საშუალებით მიიღო.

“ფიზიკურ პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობების შესწავლის შედეგად გვაქვს ვარაუდი, რომ პოლიტიკური გაერთიანების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით რამდენიმე პირის გამოყენების გზით. რეალურად, შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, თუმცა, შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე,” – განაცხადა დღეს, 20 თებერვალს,  საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს სამართალდარღვევის ფორმალური ნიშნით არარსებობის და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპის გათვალისწინებით.

“შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობას ვაძლევთ წინადადებას, კანონის სულისკვეთების და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა 95’848 ლარის ოდენობით გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში,” – აღნიშნა მოგელაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი