ახალი ამბები

14 ივლისს გაირკვევა, კიდევ ერთხელ დაინიშნება თუ არა თამაზ ურთმელიძე მოსამართლედ

11 ივლისი, 2016 • 1624
14 ივლისს გაირკვევა, კიდევ ერთხელ დაინიშნება თუ არა თამაზ ურთმელიძე მოსამართლედ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 14 ივლისს გაიმართება კენჭისყრა, რითაც გაირკვევა, კიდევ ერთხელ დაინიშნება თუ არა  მოსამართლედ თამაზ ურთმელიძე, რომელმაც რუსთავი 2-ის წილების 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მიმდინარე კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საბჭოს მოქმედმა წევრებმაც, თამაზ ალანიამ და მერაბ გაბინაშვილმა.

გამოცხადებული კონკურსით 65 ვაკანტური ადგილის შევსება იგეგმება. კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი უკვე დასრულებულია და დარჩენილია კენჭისყრა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს ფარული კენჭისყრით მინიმუმ 10 ხმით ნიშნავს. არსებული კანონმდებლობით, საბჭოს წევრებს არ აქვთ ვალდებულება, დაასაბუთონ მოსამართლეთა დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილებები.


 

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე, თამაზ ურთმელიძე მოსამართლის თანამდებობაზე ცაგერის რაიონულ სასამართლოში 2006 წელს დაინიშნა, 2010 წლიდან კი მივლინებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.  როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კანდიდატთა სიაში არის მითითებული, თამაზ ურთმელიძეს კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეობა სურს.

თამარ ალანია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრია, სააპელაციო სასამართლოში 2006 წელს დაინიშნა. მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, ან ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეობა სურს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია მოსამართლეთა კონკურსის წევრი მერაბ გაბინაშვილიც. იგი 2012 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. მოსამართლედ 2006 წელს დაინიშნა და 2006-2007 წლებში გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. მერაბ გაბინაშვილს მიმდინარე კონკურსში განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსმართლის ვაკანსიაზე აქვს შეტანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი