ახალი ამბები

ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის” მისია 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება

9 ივლისი, 2016 • 1458
ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის” მისია 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება

ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის” მისია გაგრძელდება 2016 წლის შემდეგაც – ამის შესახებ წერია დეკლარაციაში, რომელიც ვარშავის სამიტზე 9 ივლისს მიიღეს. NATO-სთან ერთად, მისიის ფარგლებში მონაწილეობას გააგრძელებს საქართველოც.

იენს სტოლტენბერგმა დეკლარაციის მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ავღანეთთან დაკავშირებით მიღებულია სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება:

“პირველ რიგში, ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ “მტკიცე მხარდაჭერის” მისიას 2016 წლს შემდეგაც მოქნილი, რეგიონული მოდელის საშუალებით. მეორე, ჩვენ მივიღეთ მტკიცე ეროვნული ვალდებულებები იმასთან დაკავშრებით, რომ დავაფინანსოთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები 2020 წლამდე. მესამე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მხარს ვუჭერთ ავღანეთთან გრძელვადიან პოლიტიკურ პარტნიორობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას. ჩვენი გზავნილი ნათელია: ავღანეთი არ არის მარტო,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამიტზე დაადასტურა, რომ საქართველო მისიაში მონაწილეობას გააგრძელებს. გენშტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ კი აღნიშნა, რომ მისია დარჩება იმავე რაოდენობითა და იმავე ლოკაციებზე, როგორც აქამდე იყო განსაზღვრული.

“მე დავუდასტურე ქართული მხარის მზადყოფნა, რომ გააგრძელოს ავღანეთის დახმარება მომავალი 2 წლის განმავლობაში. ამ საკითხს გააჩნია თავისი პროცედურული პროცესი საქართველოში. ეს საკითხი უნდა იქნას განხილული პარლამენტში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი მხარს დაუჭერს,” – განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი