ახალი ამბები

კაპანაძე: “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში საქართველო აქამდე განსაზღვრული ამოცანებით რჩება

9 ივლისი, 2016 • 1410
კაპანაძე: “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში საქართველო აქამდე განსაზღვრული ამოცანებით რჩება

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ვარშავაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველო  აქამდე განსაზღვრული ამოცანებით და იმავე რაიონებში დარჩება.

დღეს, 9 ივლისს, NATO-ს ვარშავის სამიტზე “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის მონაწილე სახელმწიფორბის მონაწილეობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისია ავღანეთში 2020 წლამდე გაგრძელდება.

„ვრჩებით კოალიციის შემადგენლობაში, ვაგრძელებთ მისიას. რა თქმა უნდა, მოქნილად ვახორციელებთ ჩვენს ამოცანებს. შესაბამისად, დამოკიდებულები ვართ გეგმებზე, რომელსაც მისიის ხელმძღვანელობასთან ერთად ვამუშავებთ. ასე რომ, რაოდენობა, რომელიც დღეს გაგვაჩნია, რჩება იმ რაიონებში და იმ ამოცანებით, სადაც არის – ქაბულში, მაზარ-ი-შარიფში, ბაგრამში… ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით ამ ფორმატში ვაგრძელებთ მუშაობას, ერთად ვახორციელებთ დაგეგმვას. პირველადი მონაცემებით, ჩვენი მისია არ იცვლება,“- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოს თაცდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა კი აღნიშნა, რომ სკეპტიკოსების განაცხადის მიუხედავად, მისია არ იცვლება და 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება. სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ასევე დაადასტურეს მზაობა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დაფინანსებას 2020 წლამდე გააგრძელებენ.

“შეერთებული შტატები რჩება ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ პროგრამაში და გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად აქტიურ მოქმედებებს, ერთი მხრივ, ავღანური არმიისა და ავღანეთის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და, მეორე მხრივ, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია გრძელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო 2016 წლის დეკემბრამდე. დღეს კიდევ ერთი სიახლე ის იყო, რომ ყველა ქვეყანამ დაადასტურა საკუთარი პასუხისმგებლობა 2020 წლამდე. გუშინდელ დღემდე საუბარი იყო მისიის 2018 წლის ბოლომდე გაგრძელებაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, გუშინ ნატოს წევრი ქვეყნები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ეს ვალდებულება ასაღებია 2020 წლამდე. ბუნებრივია, თუ ყველაფერი კარგად იქნება ავღანეთში, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისიის შეწყვეტა,”- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ნატოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა, დასჭირდება თუ არა მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს საქართველოს პარლამენტის რატიფიკაცია.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე დაადასტურა, რომ საქართველო ნატოსთან ერთად რჩება ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის დასრულებამდე.

 

რო.

მასალების გადაბეჭდვის წესი