ახალი ამბები

ახალი თბოელექტროსადგურის რისკები საქართველოში

16 თებერვალი, 2012 • 4094
ახალი თბოელექტროსადგურის რისკები საქართველოში

შექმნის თუ არა ეკოლოგიურ საფრთხეს ქვანახშირზე მომუშავე ახალი თბოელექტროსადგური საქართველოში?

დღეს, 16 თებერვალს, “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” თურქულ კომპანია “მამსან გრუპ”-თან გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული თბოელექტროსადგური ტყიბულის ქვანახშირზე იმუშავებს, რაც გარემოსდამცველთა განმარტებით, ეკოლოგიურ საფრთხეებს გამოიწვევს.

„ქვანახშირის წვისას გამოიყოფა დიდი ატმოსფეროს დამაბინძურებელი აირები, მათ შორის, ნახშირორჟანგი, გოგირდისა და სხვადასხვა აზოტის ოქსიდები. გარდა ამისა, გამოიყოფა სხვადსახვა ოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები, მძიმე მეტალები, რომელიც ზრდის ე.წ. მჟავა წვიმების ალბათობას. ამასთან, ნახშირბადის წვისას გამოიყოფა ე.წ. მყარი ნაწილაკები, რაც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის. ამჟამად მსოფლიოში  მიღებულია, რომ უნდა მოხდეს ქვანახშირის არსებული სადგურების გადაიარაღება, რათა მათ გამოყონ ნაკლები სათბური გაზი და ტოქსიკური ნივთიერებები. დაწესებულია საკმაოდ მკაცრი სტანდარტები როგორც აშშ-ში, ისე – ევროკავშირში. ამასთან, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა გრინფისი და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, მოითხოვენ მოხდეს ქვანახშირის სადგურების გადასვლა ბუნებრივ აირზე და არ მოხდეს ახალი სადგურების აშენება. მოხდეს მათი ჩანაცვლება ქარით, მზით და ა.შ.”-ამბობს ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე.

გარდა ამისა, გარემოსდამცველთა განმარტებებით, ქვანახშირის ელექტროსადგურები მიიჩნევა ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად  გლობალური დათბობის პროცესისა.

“ნათელია, რომ თეს-ის მშენებლობა, ერთი მხრივ, არ ესადაგება საქართველოს ენერგოპოლიტიკის მიმართულებებს, ხოლო მეორე მხრივ, მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მხარეთა წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ასევე, საფრთხეს უქმნის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის წარმატებულ განხორციელებას,” – ნათქვამია ასოციაცია მწვანე ალტერნატივას, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის “ქ. ტყიბულში 300 მვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის” შენიშვნებში.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის დედამიწის მეგობრობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ „ყველაზე დიდი უპირატესობა თბოელექტროსადგურებში ენიჭება ბუნებრივ აირს, ვინაიდან წვიდან გამომდინარე ნაკლებ ემისიას აფრქვევს ჰაერში. საერთოდ კი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რიგითობა ასეთია: ჰელიო, ჰიდრო, თბო და ატომური ელექტროსადგურები. რაც შეეხება თბოელექტროსადგურებს, ბუნებრივ აირზე და ნავთობპროდუქტებზე მომუშავე თბოელექტროსადგური ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურზე ნაკლებ უსაფრთხოა,”-ამბობს ჩხობაძე.

გარდა ამისა, ჩხობაძე განმარტავს, რომ ტყიბულის ქვანახშირი დიდი ნაცრიანობით გამოირჩევა.

“დიდი რაოდენობით დარჩება ნაცარი. რა უნდა ვუყოთ ამ დიდი რაოდენობის ნაცარს? ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად დათვლილი უნდა იყოს, სად წავა ნარჩენი, რა ტიპის გამონაბოლქვს გამოუშვებს, რა ფილტრები დაიდგმება. ყოველივე ამის შემდეგ უფრო კონკრეტულად იქნება შესაძლებელი, საფრთხეებზე ვისაუბროთ,” – ამბობს ჩხობაძე.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი გრიგოლ ლაზრიევიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში თბოელექტროსადგურების შემცირების ტენდენციაა, თუმცა აქვე ამბობს, რომ  „ქვანახშირი არის ჩვენი საკუთარი ნედლეული, სხვა ნედლეული, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია, იძულებულები ვართ, ენერგოუსაფრთხოების გაზრდის მიზნით ავაშენოთ საბაზისო ელექტროსადგურები, ვინაიდან ბუნებრივი აირი და ნავთობპროდუქტები არ გაგვაჩნია და მხოლოდ ნახშირი გვაქვს. რაც შეეხება კონკრეტულად ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობას, გარემოზე ზემოქმედების შეფასება იქნება აუცილებლად, რომელიც აჩვენებს, იქნება თუ არა ეკოლოგიური საფრთხეები.”

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2007 წელს დამტკიცდა ევროკავშირის კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკული პოლიტიკა, რომლის თანახმად, ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, შეამციროს ემისიები 20%-ით 2020 წლამდე. რაც შეეხება საქართველოს, 2009 წელს საქართველო შეუერთდა “კოპენჰაგენის აკორდს”, ხოლო 2010 წლის კლიმატის ცვლილების ჩარჩო –კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციის მაღალი დონის შეხვედრაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „საქართველო უნდა გახდეს კარბონ– ნეიტრალური ქვეყანა“, რაც ეწინააღმდეგება, ქვეყანაში ახალი თბოელექტროსადგურების მშენებლობებს.

ამავე თემაზე:

გარდაბანში თბოელექტროსადგური აშენდება

მასალების გადაბეჭდვის წესი