ახალი ამბები

აუდიტის სამსახური ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შესახებ განცხადებებს სწავლობს

7 ივლისი, 2016 • 1248
აუდიტის სამსახური ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შესახებ განცხადებებს სწავლობს

საიამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდოდ კანონის დარღვევით მონაწილეობის ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

დღეს, 7 ივლისს  გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 9 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ   ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თევდორე კობახიძის ინიციატივით, „ვაკის სკოლების პედაგოგებს უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ჩაუტარდებათ.“

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციის მიხედვით,  ვაკის რაიონის სკოლების პედაგოგებისთვის უფასო დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით არ განხორციელებულა. აღნიშნული აქციის ორგანიზატორი არის ა(ა)იპ „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი“, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, გეგმავს სხვადასხვა აქციის ჩატარებას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში,”- აღნიშნულია განცხადებაში.

საია მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სწრაფად, ეფექტურად და სრულყოფილად შეისწავლონ განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარდა:

“საიამ მოგვმართა ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც იგეგმებოდა და არ ჩატარდა, გაუქმდა,”- უთხრა ნეტგაზეთს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა.

4 ივლისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებებით „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმართა საკრებულოს წევრის, რიმა ბერიძის, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე.

“მიმართვის მიზანია, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და ააიპ „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის“ მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი, ხოლო ცესკომ შეისწავლოს ააიპ „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის“ მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის ფაქტი”.

აუდიტის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს:

“დავიწყეთ შესწავლა. ინფორმაციას ველოდებით რიმა ბერაძისგან, დამატებით ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიაციისგან და ინფორმაცია ასევე უნდა მოვიძიოთ კლინიკისგან. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საშუალება, გამომავლინოთ, არის თუ არა დარღვევა და რა სახის შეიძლება იყოს დარღვევა,”- ამბობს ანზნაურაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი