ახალი ამბები

ჯონ კერის ვიზიტი – საქართველო აშშ-ისგან უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს

6 ივლისი, 2016 • 1704
ჯონ კერის ვიზიტი – საქართველო აშშ-ისგან უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლვ პრესკონფერენციაზე ჯონ კერიმ ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელსაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული მემორანდუმი საქართველოს მოუტანს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესახებ მემორანდუმს ხელი დღეს, 6 ივლისს, პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებს.

კერის თქმით, მემორანდუმი მოიცავს როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების თემებსაც:

“ნამდვილად მაღალ შეფასებას ვაძლევთ ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს თავდაცვის აღჭურვილობის შესყიდვის საკითხებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას უზუნველყოფს და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და ეფექტურობას გაზრდის.  ეს მემორანდუმი დამხმარე იქნება განათლების, ტრენინგის სფეროებში და  აქ იგულისხმება საოპერაციო და ტექნიკური შემდგენლობის გაცვლაც. ეს დოკუმენტი მოგვცემს საშუალებას, რომ საუკეთესო პრაქტიკები აღვასრულოთ თავდაცვის სფეროში. დოკუმენტი გულისხმობს ერთობლივი წრთვნების გამართვას, კომპეტენციების გაცვლას.

ასევე აქ შესულია სახმელეთო, საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხები და ინფორმაციის გაზიარების, ტრენინგების, სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმის პროცესები, რომელიც გაამყარებს უსაფრთხოებას სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგმება, ბევრი პროცესი დაიწყება, რომელიც საკმაოდ გაამარტივებს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სრული წევრობის გზაზე,”- განაცხადა ჯონ კერიმ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ამ მემორანდუმით საქართველომ მიიღო ახალი ინსტრუმენტი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ღონისძიებების მხარდაჭერისთვის:

“საუბარია საქართველოს ტერიტორიული დაცვის ამოცანების გადაწყვეტაზე. მან პირდაპირ თქვა: ჰაერში, წყალში და მიწაზე. ამიტომ საუბარია ყველაფერზე, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას შეკავების პოლიტიკის განხორციელებისთვის. ამ მემორანდუმის მთავარი გზავნილია, რომ ეს აღარ არის მხოლოდ “საქართველო – საერთაშორისო მისიებში” ხელშეკრულება, რაც იყო აქამდე. ეს არის “საქართველო – საქართველოსთვის”, იმ ამოცანებისთვის, რაც ქართული სახელმწიფოს წინაშე დგას,”- ამბობს ხიდაშელი.

გარდა მემონანდუმთან დაკავშირებული საკითხებისა, ჯონ კერიმ ისაუბრა იმაზეც, რომ აშშ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტარიტორიულ მთლიანობას. კერიმ ისაუბრა ოკუპაციაზეც:

“რუსული ოკუპაციის შედეგები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის თვალსაზრისით მიუღებელია და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მოთხოვნები, რაც გულისხმობს მისი ჯარების გაყვანას კონფლიქტის წინა პოზიციებიდან და ჰუმანიტარული დახმარებისთვის ყოველგვარი ბარიერის მოხსნას ამ რეგიონში,”- განაცხადა კერიმ.

რაც შეეხება მოახლოებულ ნატოს სამიტს, ჯონ კერის თქმით, ჩიკაგოსა და უელსის სამიტების მსგავსად, ისინი საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერენ. მისივე თქმით, არსებობს მნიშვნელოვანი მომენტები, რამაც ეს პროცესი შეანელა და სერიოზული პროცესები მიმდინარეობს უკრაინასა და სირიაში.

“მაგრამ საქართველო დღეს ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და საქართველო არის ძალზე მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ნატოს ოპერაციებში. საქართველო წარმოდგენილი იქნება სამიტზე. ქვეყანა გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი არაწევრი ქვეყანა შეიარაღებული ძალების გამომყოფი ოპერაციებისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას და ამას მაღალ შეფასებას აძლევს ნატოს ყველა წევრი,”- განაცხადა ჯონ კერიმ.

გარდა ამისა, ჯონ კერის ვიზიტიდან ცნობილი გახდა ინფორმაცია ეკონომიკური დახმარების შესახებაც: მან წარადგინა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური გაძლიერების ახალი ხუთწლიანი პროგრამა (15 მილიონი დოლარი). პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ქართველი ბიზნესმენების უნარები და გაიზრდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლები. ამ პროგრამის მთავარი ბენეფიციარებია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა.

ასევე,  აშშ-ის შრომის დეპარტამენტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას გადასცემს ერთ მილიონ დოლარს, რომელიც მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ შრომის კოდექსის გატარების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს დაფინანსება დაემატება აშშ-ის მიერ უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შეადგენს ორ მილიონ დოლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი