ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

4 ივლისი, 2016 • 1264
დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

დღეს, 4 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, დარკო პაიოვიჩს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა  ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მონტენეგრო და საქართველო ინტენსიურად თანამშრომლობენ:

“საქართველოს და მონტენეგროს საკითხები პარალელურად განიხილებოდა და შემდეგ ნატოდან დაგვისვეს კითხვა, ხომ არ გვექნებოდა პრობლემა იმის გამო, რომ მონტენეგროს გაწევრიანების საკითხი უფრო ადრე გადაწყდებოდა? ჩვენი პასუხი იყო ის, რომ მონტენეგროს საკითხი არ უნდა გადადებულიყო, თუ საქართველოს საკითხი გადაიდებოდა. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ძლიერი ნატო, ჩვენ გვინდა მეტი ქვეყანა ნატოში და ასეთ შემთხვევაში საქართველოს გაწევრიანების მეტი  შანსი ექნება,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველო და მონტენეგრო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების პროცესში არიან და ერთმანეთისთვის ბევრი რამის გაზიარება შეუძლიათ.

დარკო პაიოვიჩმა  ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მონტენეგროსა და საქართველოს ადგილი ევროპაშია:

“მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ნატოში მონტენეგროს გაწევრიანების მხარდაჭერისათვის, ეს მხარდაჭერა და ხელშეწყობა მონტენეგროს არასოდეს დაავიწყდება, ჩვენი გაწევრიანება იქნება კარგი გზავნილი სხვა ქვეყნებისთვის, რომ ნატოს კარი ღიაა. მონტენეგროსა და საქართველოს ადგილი სწორედ ევროპაშია, დასავლურ ღირებულებებთან სიახლოვეშია და დაბრკოლებებებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აქვს, არ უნდა შეაჩეროს ჩვენი სწრაფვა დასავლური ორგანიზაციებისკენ. წარმატებები მინდა გისურვოთ ნატოსა  და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ”

დავით უსუფაშვილი და დარკო პაიოვიჩი. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

დავით უსუფაშვილი და დარკო პაიოვიჩი. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი