ახალი ამბები

პრემიერი: ცხინვალის გავლით ტვირთის გატარებაზე უარი ვთქვით

1 ივლისი, 2016 • 1199
პრემიერი: ცხინვალის გავლით ტვირთის გატარებაზე უარი ვთქვით

საქართველოს პრემიემინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის გავლით სომხეთსა და რუსეთში ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვეს.

პრემიერმინისტრის თქმით, დევდორაკის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ გზის განადგურებამ პრობლემები შეუქმნა ტვირთების გადაზიდვას, ასევე პრობლემები შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს.

პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანა იყოს საიმედო პარტნიორი და ამიტომ მას ჰქონდა საუბარი სომხეთის პრემიერმინისტრთან.

“მათი წინადადება იყო, რომ ისინი თვითონ დაელაპარაკებოდნენ რუსეთის ფედერაციას იმისათვის, რომ დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, არ მოხდეს არანაირად შეხება სტატუსზე”, – განაცხადა კვირიკაშივლმა.

კვირიკაშვილის თქმით, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ფორსმაჟორულ სიტუაციებში ითვალისწინებს ნეიტრალური სტატუსის გათვალისწინებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტვირთის გატარებას.

“ამ რეჟიმში გვინდოდა, რომ გაგვეტარებინა ტვირთი, რომ არ მიგვეყენებინა ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და სხვებისთვის, ვისაც სურდა საქართველოს ტერიტოეიაზე ტვირთის გატარება”, – ამბობს კვირიკაშვილი.

პრემიერის თქმით, სომეხმა კოლეგებმა მათ აცნობეს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი, რაც იყო დაკაშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან, ამიტომ საქართველომ უკვე უარი თქვა ამ გზის გამოყენებაზე.

“ვინაიდან ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ფორსმაჟორული გახსნა ამ არხისა”, – ამბობს პრემიერი.

მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველომ აირჩია ბორნის გზა – შავი ზღვის გავლით გადის ეს ტვირთი რუსეთის მიმართულებით და პირიქით.

სომხეთის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებს ტრანსპორტისა და კავშირის მინისტრმა, გაგიკ ბეგლარიანმა განუცხადა, რომ ცხინვალის გავლით სომხური სატვირთო ავტომობილებისთვის რუსეთთან დამაკავშირებელი გზის გახსნაზე რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი