“სამხრეთ ოსეთის გავლით სომხური სატვირთო ავტომობილებისთვის რუსეთთან დამაკავშირებელი გზის გახსნაზე რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს მართავს”, – ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებს ტრანსპორტისა და კავშირის მინისტრმა, გაგიკ ბეგლარიანმა განუცხადა. ინფორმაციას news.am და სხვა სომხური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
მისი განცხადებით, რუსეთს სურს, ეს გზა სომეხი ტვირთმზიდავებისთვის დროებით მაინც გაიხსნას:
“ამ შემთხვევაში სომხეთზე ბევრი არაფერია დამოკიდებული”.
გზის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთთან ქართულ მხარეს განცხადება არ გაუვრცელებია.
აღნიშნული გზა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიხურა. რამდენიმე დღის წინ მომხდარი სტიქიის გამო “ზემო ლარსის” სამხედრო გზაზე გადაადგილება ვეღარ ხერხდება. ეს გზა კი ერთადერთია, რომელიც რუსეთსა და სომხეთს აკავშირებდა.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 23 ივნისს მოსული ძლიერი წვიმების შედეგად დევდორაკის ხევიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგს კალაპოტი შეუცვალა. მოვარდნილმა წყალმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
