ახალი ამბები

მობილური ინტერნეტის მოხმარება 189%-ით გაიზარდა

1 ივლისი, 2016 • 1497
მობილური ინტერნეტის მოხმარება 189%-ით გაიზარდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, მობილური აბონენტების  რაოდენობამ 2015 წლის ბოლოს  5.6 მლნ აბონენტი შეადგინა. ამ მონაცემების თანახმად, 2014 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 2.8%-ით არის გაზრდილი (149 ათასი აბონენტით).

გარდა ამისა, 2015 წლის ბოლოს მაგთიკომის საბაზრო წილმა მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით 37.6% შეადგინა, ჯეოსელის – 36.3%, მობიტელის – 25.6%, სილქნეტის კი- 0.5%. ამასთან, 2015 წელს ჯამურმა გამავალმა ხმოვანმა ტრაფიკმა 9.41 მლრდ. წუთი შეადგინა, რაც 2014 წლის მონაცემებზე  742 მილიონი წუთით მეტია.

ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში მობილური ინტერნეტმომსახურებით  2.14 მილიონმა აბონენტმა ისარგებლა, ხოლო მოხმარებული მობილური ინტერნეტტრაფიკის ოდენობა წინა წელთან შედარებით 189,3 %-ით არის გაზრდილი:

” 2015 წელს მოხმარებული მობილური ინტერნეტტრაფიკის ოდენობამ  14,558 ტერაბაიტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მონაცემს 189.3%-ით აღემატება. აღნიშნული, ცხადია, დიდწილად 2015 წელს მეოთხე თაობის მობილური ტექნოლოგიების (LTE) დანერგვით არის განპირობებული. გაიზარდა საშუალოდ ერთი მომხმარებლის მიერ მოხმარებული ინტერნეტტრაფიკის ოდენობა. თუ 2014 წლის ბოლოს ის 303 მბ-ს შეადგენდა, 2015 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 738 მბ შეადგინა (189.3%-ით მეტი),” – ვკითხულობთ ანგარიშში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი